„იანვარში კვერცხი შესაძლოა, 3-4 თეთრით კიდევ გაძვირდეს“, - ამის შესახებ BMG-სთან კომპანია „კოდას“ გენერალურმა დირექტორმა, ზურაბ ჭუჭულაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ფრინველის საკვები პროდუქტების, ელექტრონერგიისა და ბუნებრივი აირის, ასევე საწვავისა და შესაფუთი მასალების ფასის მატების გამო 2022 წლის დასაწყისში პროდუქციის 12-15%-ით გაძვირება მოუწიათ. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ კი, უკრაინული ხორბლის იმპორტის შეფერხებამ და რუსეთის მიერ მარცვლეულზე საბაჟო გადასახადის გაზრდამ ნედლეულის კიდევ უფრო გაძვირება გამოიწვია.
„ახალ წლამდე არ გავაძვირებთ პროდუქტს, შემდეგ კიდევ ერთხელ გადავხედავთ სიტუაციას, შევხედავთ ენერგომატარებლების, ნედლეულისა და საწვავის ფასებს და ამის მიხედვით შეიძლება მოგვიწიოს გაძვირება. საუბარია იანვრის მეორე ნახევარზე“ , - აცხადებს ზურაბ ჭუჭულაშვილი.