ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის სასტიკ ომს 100 ათასი უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა.
ფონ დერ ლაიენმა თავის მიმართვაში ისაუბრა გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციის გეგმასა და სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე რუსეთის წარმომადგენლების დასასჯელად უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის.
„უკრაინაში რუსეთის შეჭრამ მოიტანა სიკვდილი, განადგურება და ენით აუწერელი ტანჯვა. ჩვენ ყველას გვახსოვს ბუჩის სისასტიკე. შეფასების მიხედვით, დაიღუპა 20 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და 100 ათასი უკრაინელი სამხედრო“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მისი განცხადებით, რუსეთმა პასუხი უნდა აგოს საშინელი დანაშაულებისთვის, მათ შორის სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისთვის.
ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი გამოდის ინიციატივით გაეროს მხარდაჭერით შეიქმნას სპეციალური სასამართლო რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად.
ფონ დერ ლაიენმა ასევე განაცხადა, რომ ბრიუსელი პარტნიორებთან ერთად მუშაობს გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციის გეგმაზე, რომელიც შემდეგ უკრაინას ქვეყნის აღდგენის და რუსეთის მიერ წარმოებული ომისგან მიყენებული ზიანის კომპენსაციისთვის გადაეცემა.