სტრეს-ტესტის შედეგების მიხედვით, რომელიც აგვისტოს თვის მონაცემებს ეყრდნობა, ზომიერი და მკაცრი სტრეს სცენარის შემთხვევაში ყველა ბანკი, მიუხედავად დანაკარგებისა, მდგრადობას ინარჩუნებს, ხოლო ექსტრემალური სტრეს სცენარის დროს ზოგიერთი ბანკი მინიმალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დამატებით კაპიტალს საჭიროებს. აღსანიშნავია ისიც, რომ სტრეს-ტესტი არ განიხილავს ბანკების მხრიდან შოკების საპასუხოდ აქტიურ რეაგირებას ან ბიზნეს მოდელის ცვლილებას, რამაც შესაძლოა შოკის გავლენა შეარბილოს. თუმცა, მიმდინარე შეფასებით, მფლობელობის არსებული სტრუქტურიდან გამომდინარე, ბანკებს კაპიტალის შევსების კარგი შესაძლებლობა აქვთ. შესაბამისად, კაპიტალის ჰიპოთეტური დანაკარგები სისტემის სტაბილურობას და მდგრადობას საფრთხეს არ უქმნის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ექსტრემალურ სტრეს სცენარში კაპიტალის კოეფიციენტი აღდგენას მეორე წლის ბოლოდან იწყებს, რასაც აქტივების ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად, მდგრადი საოპერაციო მომგებიანობაც უწყობს ხელს.