სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის დირექტორის მოადგილე დევიდ ჰოფმანი სტუდენტური, მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსის ,,აგრისთორი’’ დაჯილდოებას დაესწრო.
კონკურსი რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტების წახალისებისა და აგრო ჟურნალისტიკის მიმართულებით მათი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობა შვიდმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა მიიღო, მათი თემატიკა ეხებოდა ხილისა და ბოსტნეული გადამუშავების, ლურჯი მოცვის, მწვანილის, სანერგე მეურნეობის, სუფრის ყურძნისა და კაკლოვანი კულტურების წარმოებას.
კონკურსის გამარჯვებული გახდა გურიის რეგიონში მოქმედი კოლეჯის „ჰორიზონტი“ სტუდენტების მიერ მომზადებული ფილმი „კენკროვანი კულტურები“.
,,სოფლის მეურნეობის განვითარება სახელმწიფოსთვის ბოლო 10 წელია მნიშვნელოვანი პრიორიტეტია; დარგი საკმაოდ განვითარდა, ძალიან დიდი ინვესტიციები ხორციელდება. მნიშვნელოვანია, სოფლის მეურნეობაში ახალგაზრდების ჩართულობა. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის მნიშვნელობის პოპულარიზაციას’’, - აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.
USAID მისიის დირექტორის მოადგილე დევიდ ჰოფმანის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერა, რაც გამორიცხულია სოფლის მეურნეობის განვითარების გარეშე. სოფლის მეურნეობის მიმართულებით მზარდი წარმატება დაეხმარება საქართველოს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას ევროინტეგრაციის გზაზე. ინფორმაციის მიწოდების პროცესში კი, მნიშვნელოვანია ჟურნალისტების ჩართულობა. მათ შეაქვთ განსაკუთრებული წვლილი, ისინი საუბრობენ და მოსახლეობას გადასცემენ ინფორმაციას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, მოსავლის რაოდენობის, ხარისხისა და ექსპორტის შესახებ.
სტუდენტური მოკლე ფილმების კონკურსი „აგრისთორი“ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ ჟურნალისტიკის რესურსცენტრთან ერთად განახორციელა.