მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საბაჟო დეპარტამენტის მიერ, სხვადასხვა სახის ქართული ხილისა და თხილის (საერთო წონით 66 547 ტონა) ექსპორტზე გატანის მიზნით, ექსპორტიორი კომპანიებისთვის 3 906 წარმოშობის სერტიფიკატია (CT1; EUR.1; არაპრეფერენციული) გაცემული.
აღსანიშნავია, რომ ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარე წლიდან, ფუნქციონირებს საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის (CT-1) გაცემის განახლებული ელექტრონული სისტემა, რომლის საშუალებითაც სერტიფიკატების გაცემის პროცესი კიდევ უფრო მოქნილია, როგორც ექსპორტიორი კომპანიებისთვის, ასევე, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის.
აღნიშნული პროგრამის მეშვეობით, დაინტერესებული კომპანიები, შემოსავლების სამსახურის გადამხდელის გვერდიდან - www.rs.ge არეგისტრირებენ ელექტრონულ განაცხადს და თავადვე ავსებენ წარმოშობის სერტიფიკატის ფორმას. ამასთან, ახალ პროგრამაში ინტეგრირებულია სასურველი ფაილების კოპირების ფუნქცია, ასევე საქონლის მონაცემების Excel-ის ფორმატში ატვირთვის შესაძლებლობა და სხვა სასურველი პროცედურები, რაც მნიშვნელოვნად უმარტივებს გადამხდელებს განაცხადის შევსების პროცესს.