მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, მედიის წარმომადგენლებს თხილის ახალი პროგრამის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
„მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ქვეყანაში ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის განვითარებას. ჩვენ, წლების განმავლობაში, არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ ამ მიმართულებით“, - აღნიშნა მინისტრმა.
როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, 2017 წელს, აზიური ფაროსანას გავრცელების შემდეგ, თხილის კულტურას გარკვეული პრობლემები შეექმნა, როგორც მოსავლიანობის, ასევე ხარისხის კუთხით. მნიშვნელოვნად შემცირდა ექსპორტიც. სახელმწიფოს მიერ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გატარებულმა მასშტაბურმა ღონისძიებებმა, რომელიც დღემდე გრძელდება, შედეგი გამოიღო.
„ჩვენ, ეტაპობრივად, 2019 წლიდან, გავზარდეთ მოსავლიანობა და გაიზარდა ექსპორტიც. 2021 წელს, თხილის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა 115 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წელს, სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე და ეს იყო, ძირითადად, კლიმატური პირობები, რომლის გამოც ფერმერებმა ვერ შეძლეს მოვლის ღონისძიებების სათანადოდ ჩატარება, მოსავლიანობა შემცირდა; ასევე შემცირდა ხარისხი; საექსპორტო ღირებულების და ზოგადად მოთხოვნის შემცირებიდან გამომდინარე, ფერმერებმა ვერ მიიღეს სათანადო შემოსავალი. აღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ ჩვენს ფერმერებს, რომ მათ, მომავალ წელს, გაზაფხულიდან შეძლონ განახორციელონ ყველა ის საჭირო ღონისძიება, რომელიც ხარისხიანი მოსავლის მისაღებად არის აუცილებელი. მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩვენ დავეხმარებით სექტორს და ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც 0,2 -3 ჰექტრამდე ფართობი აქვს საკუთრებაში ან სარგებლობაში, მიიღებს, 1 ჰექტარზე დაანგარიშებით, 500 ლარის ოდენობით დახმარებას, აგრობარათზე დარიცხული ქულების სახით. დახმარების გამოყენებას ფერმერები შეძლებენ იმ სხვადასხვა საქონლის შესასყიდად, რომელიც საჭიროა თხილის მოვლისთვის, რითაც ხელს შევუწყობთ თხილის მოსავლის რაოდენობის და ხარისხის გაუმჯობესებას ქვეყანაში“, - აღნიშნა მინისტრმა.
ოთარ შამუგიას განცხადებით, სამი ჰექტრიდან ზევით თხილის ფართობის მქონე ფერმერებიც მიიღებენ შეღავათებს და მათ მიეცემათ საშუალება, ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტით საბრუნავი საშუალებებისთვის.
„ჩვენ ფერმერებს დავუფინანსებთ სესხის დაახლოებით 8 პროცენტს. ვფიქრობთ, რომ ეს ღონისძიებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ხარისხიანი მოსავლის მიღებას. პროცესი წარიმართება შემდეგნაირად: ჩვენ გავაკეთებთ თხილის კადასტრს ჩვენი შესაბამისი სამსახურების და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების აქტიური ჩართულობით; შევაგროვებთ მონაცემებს, რომლის ფარგლებშიც გვექნება ინფორმაცია, რომელი იურიდიული თუ ფიზიკური პირი ფლობს რა ფართობის თხილს. ინფორმაცია გვექნება ჯიშებზეც, რაც ანალიზის გაკეთების და სექტორის მხარდასაჭერი შესაბამისი ღონისძიებების გატარების საშუალებას მოგვცემს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.