ჩვენ ყველასა გვაქვს ჩვენი სათქმელი, მაგრამ ხანდახან არ ვიცით ხოლმე, რომ ამ "სათქმელის" ამოთქმასაც თავის მადლი აქვს უფლის კარზეც და კაცთა შორის...
ჩვენ ყველას გვტკივა რაღაც შიგნიდან, მაგრამ ამ ტკივილს სინანულამდე ბევრი არ მიჰყავს... და თუ არ გვინდა, რომ განკითხვად გადაგვექცეს ჩვენ მათზე ფიქრი, უნდა ვიდარდოთ მათ მაგივრადაც...
ჩვენ ყველას გვხიბლავს "რაღაც" გარედან _ ჭრელა-ჭრულა სამოსელი და ბზინვარება ვიტრინის იქით, ან სულაც აქეთ, ქუჩის ან ტახტის "არშიები" და "მაქმანები" თვალ-მარგალიტით მოჭედილი სამკაულების...
ჩვენ ყველას გვხიბლავს "რაღაც" გარედან და ამ მოხიბლვას ცდუნებისკენ ისე მივყავართ, რომ ვერც კი ვხვდებით... ხშირად ვერ ვხვდებით, რომ ამ სიმდიდრის მომხვეჭველობას მივყავართ სწორედ სულიერი სიღატაკისკენ!
ჩვენ ყველა ვეძებთ რაღაც "ისეთს" საკუთარ თავს რომ "გვაპოვნინებს" ამ ცისქვეშეთში... ვეძებთ და ვპოვებთ, ზოგი ტაძრის ალაყაფთან და ზოგიც შიგნით... მაგრამ ზოგისთვის ეს "ძიება" სულ სხავა გზით მიდის და გზის ბოლოს ტაძრის ნაცვლად დგას "სამკუთხედი" _ ტოლი გვერდით, ან ტოლი ფერდით და დიდი ყულფით სულიერი თვითმკვლელებისთვის...
ჩვენ ყველას გვინდა, რომ გადავრჩეთ, ან გადავურჩეთ, მაგრამ ამ სურვილს ვერ ვანიჭებთ მუდმივ სიფხიზლეს; და როცა რული მოერევა სინდისის ქეჯნას მაშინვე ჩასთვლემს გადარჩენის ინსტიქტამდე დასულ სურვილებს...
ჩვენ ყველას გვინდა, რომ ავმაღლდეთ ჩვენს თავზე მაღლა, მაგრამ ამისთვის უმოკლესი "გზებით" დავდივართ _ სხვათა დაჩაგვრით, ზურგზე ჯდომით, თავზე გადავლით...... და-ძმის გაწირვით, კაცთა მოკვლით, ან ცრუ ამბორით ვინ ასულა ზეცაში ნეტავ, რომ ჩვენ ავიდეთ?!
***
ჩვენ ყველასა გვაქვს ჩვენი სათქმელი და ზიარების მოლოდინში ვამბობთ ამ სათქმელს...
მანმადე კი, ქალაქის ქუჩის მტვერსა და ნაგავს ვატარებთ სულით და ყურთასმენას ვერცხლის მონეტის ჩხრიალით ვიხშობთ...
გვაყრუებს იგი და გვიბრმავებს ისედაც ცოდვით დამძიმებულ სულსა და სხეულს, და ამღვრეული გონების წადილს ბრამდ და ყრუებად მივყვებით მხოლოდ... როგორც ნახირი მწყემსისაგან გამოქცეული, მგლის ხროვისათვის განწირული და უღრან ტყეში ჩაკარგული უკუნით ღამეს...
ხოლო "სათქმელი", დაგროვილი ნაგვით და მტვერით უფრო მძიმდება, რადგან ამ ქვეყნად და ქვეყნის შიგნით რაღაცა დალპა იმაზე მეტად, რომ "ნეშოპალად" ვეღარ იქცევა!
რაღაცა დალპა იქ, საიდანაც სათავეს იღებს თურმე კანონი; სათავეს იღებს თურმე მორალი; სათავეს იღებს თურმე ზნეობა... და იმ სათავის სათავეში "რაღაცა" დალპა, რადგან "ფესვებზე" გადაგვამყნეს უცხო ჯიშის ცრუ "ნამყენები"!.. რადგან "ყლორტები" წაგვატეხეს სუყველას ვინაც არ ვისურვეთ ბოროტების ნაყოფის მოსხმა!.. რადგან "ტოტები" ჩამოგვაჭრეს სუყველას ვისაც "შეშად" ქცევის არ გვეშინოდა და ხმელი წიფლის კვნესაც "გვესმოდა"!.. რადგან "ყვალილი" ჩამოგვბერტყეს სუყველას ვინც კი, გაშლილი ვაშლის ყვავილებიდან "ვიბადებოდით"!!!
...და მოვითმინოთ, თუ დავითმინოთ?!.
თუ იუდას გამოუჩდნენ დღეს და დამცველები, და ოცდაათ ვერცხლს უფრო დიდი ფასი დაედო...
თუ "სახარებას" დაგვიწერენ თურმე თავიდან და ქრისტეს მერე იუდაზე უნდა ვილოცოთ...
თუ უფლის სახლში "პოლიტიკურ" ნადიმს გაშლიან და სადღეგრძელოდ შეისმევა ქრისტეს სისხლ-ხორცი...
თუ "საიდულო სერობები" იქცევა თემად მოდერნისტული ტვინისმქონე სცენარისტისთვის...
თუ თამარ მეფეს მჯღაბნელები ახდიან რიდეს და შარავანდედს მოისვრიან ბნელ კულისებში...
თუ დავით მეფის საფლავის ქვას "ფლოქვით" გავცვითავთ და ნიკორწმინდას ნანგრევებით სახლს ავიშენებთ...
დედოფლის ციხის კარიბჭესთან აღდგომა დილით, თუ დაგვიკიდეს ჩამომხვრჩვალი ძაღლი, ან კატა...
თუკი ტაძარში დაგვიწერეს ნუსხურის გვერდით "არმენ" და "არტურ"...
ჩვენ მაშინ რა ვქნათ?
***
ჩვენ ყველასა გვაქვს ჩვენი სათქმელი, მაგრამ ამ სათქმელს კიდევ უფრო ვიმძიმებთ ცოდვით და იმ ნაგვით "სათავეში" რომ დაგვიყარეს...
დიდ "ნაგავსაყრად" გადაიქცა ხელისუფლება და "პოეტებმაც" ნაგავსაყარს მიუძღვნეს ლექსი... "ნაგავსაყარი" გახდა მუზა ჩვენი მხატვრების, და ესტრადაზეც გარემიქსდა "ნაგავსაყარი"...
დღეს ჩვენ ქვეყანა გადაგვექცა ცირკის არენად და ჯამბობაც გადაიქცა სარფიან საქმედ!
რა დროს ლექსია, როცა "ცირკი" შარდის სუნად ყარს?!
რა დროს ხმალია, როცა ჟანგმა "შეჭამა" გული?!
რა დროს დარდია, როცა კლოუნს ფარჩა აცვია და ყიზილბაშის ახურიათ ცვედანებს ქუიდ(?!)
რა დროს სულია, როს ხელმწიფეს კბილები სტკივა და "ტუფლი" უჭერთ სემინარზე წასულ "კმარელებს"?!
რა დროს წიგნია, როცა მორალს წერს ლომაია და კონსტანტინეს "ეზომება" ლაშა ბუღაძე?!
რა დროს ხალხია, როცა გზაზე დგას სამოვარი და გვერდით უდგას დიდი კასრით შილა, თუ ფლავი?!
რა დროს ერია, როცა მამულს სტკივა და სტკივა ჯამბაზის ხელით დამტვრეული ძვლები და ფრთები?!
რა დროს ფრთებია, როცა მიწა დამძიმდა ცოდვით და ქვესკნელისკენ მიმავლები ხავსს ვეჭიდებით?!
ჩვენ ყველასა გვაქვს ჩვენი სათქმელი და ზიარების მოლოდინში ვამბობთ ამ სათქმელს...
***
ჩვენ ყველას გვტკივა "რაღაც" შიგნიდან, მაგრამ ამ ტკივილს ვერ მივყავართ სინანულამდე, რადგან სინანულს მონანიე სული სჭირდება; რადგან სინანულს არ სჭირდება დაფნის გვირგვინი...
სინანულამდე ავტობანით მართლა ვერ მივალთ და ვერც ტრაქტორით მივადგებით "გოდების კედელს"... სინანულისთვის მარტო პეშვი ღვინო არ კმარა, არც მარტო დარდი ხელოვნური "სუბსიდიების"...
ჩვენში დღეს ხარობს თავმდაბლობის ანტიპოდია... ხარობს და ბარტყობს მტრის "ხატების" შექმნის სურვილი... დღეს სახელმწიფო პოლიტიკის რანგში ავიდა სხვების დაცინვა და ჩაწიხვლა დავრდომილების.
დღეს სახემწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედია აჩემებული პირველობის დიდი მანია და როგორც "სახადს", ისე ვიხდით დღეს მთელი ერი ახალაიას, მერაბიშვილს და ბოკერიას...
ჩვენ ყველას გვტკივა, ძალიან გვტკივა, "რაღაც" შიგნიდან და, თუ ამ ტკივილს არ დავარქვით ახლაც სახელი, მაშინ სამშობლო უფერული მცნება ყოფილა, მაშინ მამულო არ ყოფილა შენი საშველი!
Dდა ამ ტკივილსაც, "იმათ" ღიმილს რომ იმსახურებს; და ამ ტკივილსაც "მათი" წამლით თუ დავიამებთ; და ამ ტკივილსაც "მათი" ვარდი თუ ვანაცვალეთ... მაშინ ტკივილიც არ ღირს ტკივილად Dდა ნუღარ ვიტყვით, რომ "რაღაცა" გვტკივა შიგნიდან.
რადგან ამ ტკივილს ჩვენ მივყავართ გოლგოთის გზაზე, რადგან ტკივილი "საკვებია" სულის სიმტკიცის, რადგან ტკივილით მოვედით და ტკივილით მივალთ ქვეყან-ზეყანის გასაყრიდან უფალის კარზე...
სულო ცოდვილო, რა გაშინებს, შენ მარტო არ ხარ...რადგან თუ გტკივა სინანულამდეც სულ მალე მივალთ...
სინანული და აღსარება გვერდი-გვერდ დგანან და მოძღვრის კალთას დაგაფარებს აღსავლის კართან...
ჩვენ ყველას გვტკივა "რაღაც" შიგნიდან, მაგრამ ამ ტკივილს ვერ მივყავართ სინანულამდე; რადგან სინანულს მონანიე სული სჭირდება, რადგან სინანულს არ სჭირდება დაფნის გვირგვინი...
რადგან სინანულს ტკივილები ბადებენ ისევ, რადგან ტკივილებს სინანული ასე სჭირდებათ!..
და თუ ამ ქვეყნის "ქვაკუთხედად" დევს ყოყოჩობა, და თუ დროშებიც ფრიალებენ პირველობისთვის, თუკი "სათავე" ამოგვივსეს ნაგვით და მძორით... და ჩვენ კვლავ გვტკივა ეს ყველაფერი, ძალიან გვტკივა. უნდა გვტკიოდეს, რადგან თუ გვტკივა სინანულამდე სულ მალე მივალთ!..
მადლობა უფალს, რომ აღსარების საიდუმლოს ინახავს მხოლოდ მოძღვარის კალთა და იმ კალთის ქვეშ დაღვრილი ცრემლი, დაჭაობება რომ არ ელის, არ უწერია...
***
ჩვენ ყველა ვეძებთ რაღაც "ისეთს", საკუთარ თავს რომ გვაპოვნინებს ამ ცისქვეშეთში...
ვიღაც პოულობს და ვიღაც ვერა...
დაკარგული სიმშვიდის გამო სულიერ ამბოხს ვიღაც "მეომრად" მიჰყვება და ვიღაცა "მძევლად"...ზოგი უმოკლეს "გზებს" ირჩევს და ზოგიც ქვა-ღორღზე იხეხავს კეფას...
ვიღაცას ისევ ცხადად "სტკივა" მოჭრილი ფრთები!
ვიღაცას შხამი შეუსვია შარბათად გველის!
ვიღაცა ელის, რომ ვიღაცა შეისვამს ზურგზე, ან ზურგზე დასცემს და ტყვიასაც ზურგიდან ელის!
ვიღაცას სჯერა, რომ საკუთარ "მეს" ისევ "მე" ებრძვის, რომ ყველა ომი წაგებულია, თუკი "მემ" სძლია საკუთარ "მესვე"!
ჩვენ ყველას გვხიბლავს "რაღაც" გარედან და ამ მოხიბლვას ცდუნებისკენ ისე მივყავართ, ვერც კი ვხვდებით, რომ ვემსგავსებით კაკანათში გაბმულ ჩიორებს...
პურის მარცვალი და თხილის გული _ ეს საწყისია...
...და მახეებიც ისე "იზრდება", როგორც ცდუნება --- გვიჭერს და გვიშვებს; გვიშვებს და გვიჭერს... ვიდრე ორივე ხელით და ფეხით არ გავებმევით(!)
არა და, გვინდა, ძალიან გვინდა, რომ გვქონდეს სახლი და ჭრელა-ჭრულა მანტიებით გვიღებდნენ კარებს... გვინდა, რომ გვქონდეს ბევრი ფული, ძალიან ბევრი _ ყველა ვიტრინა რომ ვიყიდოთ და კიდევ დაგვრჩეს...
გვინდა, რომ ვიწვეთ მაქმანიან ჭრელ ბალიშებზე და ყოველ დილით ზანტად გავყოთ შიშველი ფეხი დედოფლის ქოშში... საუზმედ გვქონდეს კივიც და ლორიც და არ გვახსოვდეს, რომ სწორედ ამ დროს ვიღაცას სცივა პატარა ქოხში... ვიღაცას შია, ვიღაცს სტკივა, ვიღაცას უჭირს...
ჩვენ გვავიწყდება და "დავიწყების" ამ დიდ ცოდვას იქეთ მივყავართ, სადაც საკუთარ თავსაც ვერ სცნობს ადამიანი!
...რადგან სხეული "გაბატონდა" გულზე და სულზე... სადაც გონება "მეზე" ფიქრის იქეთ ვერ მიდის... ჩვენ ვიძირებით საკუთარ თავზე ზრუნვის მორევში და "ნაპირამდე" ვეღარ გავდივართ...
რადგან რაღაცა ისე გვხიბლავს სულის გარედან, სულის კარებს დიდად გვაშორებს და ვიკარგებით, ისე ღრმად და ისე შორეთში, რომ ვერ ვბრუნდებით საკუთარ თავთან, საკუთარ თავში...
ჩვენ ყველას გვხიბლავს "რაღაც" გარედან და ამ მოხიბლვას ცდუნებისკენ ისე მივყავართ, რომ ვერც კი ვხვდებით... ხშირად ვერ ვხვდებით, რომ ამ სიმდიდრის მომხვეჭელობას მივყავართ სწორედ სულიერი სიღატაკისკენ!!!
***
ჩვენ ყველას გვინდა რომ გადავრჩეთ, რომ გადავურჩეთ... ჩვენ ყველას გვინდა რომ ავმაღლდეთ ჩვენს თავზე მაღლა...მაგრამ ამ სურვილს ვერ ვანიჭებთ მუდმივ სიფხიზლეს, სულზე აბჯარი არ "გვაცვია" მუდმივად რადგან!
ჩვენ ყველას გვინდა, რომ ავმაღლდეთ ჩვენს თავზე მაღლა და მაინც, ხშირად ვერც კი ვწვდებით საკუთარ თავებს!
...და ბრგე სხეულში დამწყვდეული ჯუჯა სულებით ლილიპუტების "ცირკში" დავდივართ... და ოვაციით ვეგებებით გოლიათების გამოჩენას სულ სხვა "სცენაზე"!
ჩვენ ყველას გვინდა, რომ ავმაღლდეთ ჩვენს თავზე მაღლა და სხვებს ვახტებით, სხვის მხრებზე ვდგებით, ანდა ვაწვებით სხვის კეფას ბარგად, და ხშირად გვამზეც არ ვამბობთ უარს... თუკი ორივე ფეხით შევდგებით და სიმაღლეშიც ოდნავ მაინც მოვიმატებთ _ გვამებზე დგომით, ჯდომით, ან წოლით!
ჩვენ ყველას გვინდა, რომ გადავრჩეთ, ან გადავურჩეთ... მაგრამ ამ "სურვილს" ვერ ვანიჭებთ მუდმივ სიფხიზლეს, და როცა რული მოერევა სინდისის ქეჯნას, მაშინვე ჩასთვლემს გადარჩენის ინსტიქტამდე დასულ სურვილებს!
ჩვენ ყველას გვინდა, რომ ავმაღლდეთ ჩვენ თავზე მაღლა, მაგრამ ამისთვის უმოკლესი "გზებით" დავდივართ... ერთ ადგილს ვტკეპნით... და ვტრიალებთ საკუთარი თავების ირგვლივ... და ვიკარგებით ისე ღრმად და ისე შორეთში, რომ ვერ ვბრუნდებთ საკუთარ თავთან, საკუთარ თავში...
***
ჩვენ ყველასა გვაქვს ჩვენი სათქმელი...
ჩვენ ყველას გვტკივა რაღაც შიგნიდან და თუ გვტკივა, სინანულთანაც სულ მალე მივალთ... სინანული და აღსარება გვერდიგვერდ "დგანან"...
ჩვენ ყველასა გვაქვს ჩვენი სათქმელი და ზიარების მოლოდინში ვამბობთ ამ სათქმელს...
მადლობა უფალს, რომ აღსარების საიდუმლოს ინახავს მხოლოდ მოძღვარის კალთა და იმ კალთისქვეშ დაღვრილი ცრემლი... გულწრფელი ცრემლი... "ნაგავსაყარსაც" უშურველად რომ დაიტირებს... რადგან ამ ცრემლებს, მოძღვრის კალთის ქვეშ დაცლილს და დაღვრილს, დაჭაობება არ უწერია!!!
"ჯი-ეიჩ-ენი", ელგა ფოლადიშვილი