ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ და ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორთან, ჯიჰად აზურთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და რეგიონში არსებული გამოწვევები განიხილეს. მაღალი ინფლაცია კვლავ რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, სსფ პოზიტიურად აფასებს იმ ნაბიჯებს, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის შესამცირებლად გადადგა. ასევე მისასალმებელია წელს ფისკალური დეფიციტის მნიშვნელოვნად შემცირება, რამაც ინფლაციის შემცირებას უნდა შეუწყოს ხელი.
"ინფლაცია მთავარი გამოწვევაა და ვიდრე ასეთი გაურკვეველი მდგომარეობაა, ეროვნული ბანკი გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას შეინარჩუნებს. საფინანსო სექტორი საქართველოში ჯანსაღია, პანდემიამდე რეგულატორმა გაატარა სათანადო ზომები, რამაც სექტორს საშუალება მისცა ეკონომიკაზე მიმდინარე შოკების ნეგატიური გავლენა შეემცირებინა. ამასთან, ეროვნული ბანკი განაგრძობს საფინანსო სექტორში აშშ, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული სანქციების დაცვის მონიტორინგს", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ დამტკიცებულ პროგრამის მნიშვნელობას და იმ ეკონომიკურ რეფორმებს, რომელსაც აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს.
"მსოფლიო რთული გამოწვევების წინაშე დგას და ინფლაცია უახლოეს პერიოდში გლობალურად კვლავ მაღალი იქნება. ასევე საყურადღებოა, რომ გლობალური ეკონომიკა, რომელიც არსებული პროგნოზის მიხედვით წელს შარშანდელის ნახევარი იქნება, გამკაცრებული ფინანსური პირობების გამო მომავალ წელს კიდევ უფრო შემცირდება", - განაცხადა შეხვედრაზე სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორმა. ჯიჰად აზურმა კიდევ ერთხელ შეაფასა საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ღონისძიების მნიშვნელობა, ასევე მოქნილი გაცვლითი კურსის როლი შოკების შერბილების თვალსაზრისით. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში სტრუქტურული რეფორმები გაგრძელდეს.
სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორთან შეხვედრაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.