„პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი ვაკის პარკში 13 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს ყველა დამნაშავე და გადადგეს თბილისი მერი კახა კალაძე
„გუშინ ბატონმა კალაძემ ზარ-ზეიმით გახსნა ვაკის პარკი. დღეს რეაბილიტირებულ შადრევანში დაიღუპა 13 წლის ბავშვი. არის ეს ერთჯერადი და შემთხვევითი მოვლენა?! - არა! როდესაც ხელისუფლება აქვთ მიტაცებული არაკომპეტენტურ, უცოდინარ, სისტემურ კორუფციაში ჩაფლულ ადამიანებს, ყველა მიმართულებით მომაკვდინებელი ეფექტი გვაქვს და გვექნება! სადაც არ არის დანერგილი თანამედროვე, დემოკრატიული მართვის სისტემები, ყველგან არის უკუსვლა და სიკვდილი!
დიახ, კალაძე არის არაკომპეტენტური და კორუმპირებული მერი - მას ავტობუსების შესყიდვებთან დაკავშირებით პასუხი დღესაც არ გაუცია, მაგრამ მოუწევს! ამ ბავშვის სიკვდილი კალაძის და ივანიშვილის კისერზეა. მათ შექმნეს ისეთი საქართველო, სადაც არამარტო მაღალი ძაბვით, არამედ თბილისის ქუჩებში, ყოველდღე ან კრიმინალურ გარჩევებში იხოცებიან ადამიანები, ან შიმშილით კვდებიან, ან გარბიან საქართველოდან!
უსწრაფესად, კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯოს ყველა დამნაშავე და გადადგეს და დაისაჯოს მკვლელი და კორუმპირებული კალაძე! „, - ამბობს ოქრიაშვილი.
დღესმ, ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს, სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ორი მათგანი ხეჩინაშვილის, ერთი კი, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლი კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.