შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა საპარლამენტო არჩევნებში მისი სოციალ-დემოკრატიული პარტიის დამარცხება აღიარა და განაცხადა, რომ აპირებს გადადგეს მთავრობის მეთაურის პოსტიდან.
მოელიან, რომ შვედეთის ახალი მთავრობის ფორმირებას ოთხპარტიული მემარჯვენე ოპოზიციური ბლოკი შეეცდება.
ანდერსონი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას სავარაუდოდ ხვალ, ხუთშაბათს დატოვებს. პარალელურად, ის გააგრძელებს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერობას, ხოლო მინისტრთა ახალი კაბინეტის ფორმირებამდე გარდამავალ მთავრობას უხელმძღვანელებს.
მანამდე, ანდერსონმა თავი შეიკავა დამარცხების აღიარებისგან და თქვა, რომ ხმების დათვლის დასრულებას დაელოდებოდა.
ოთხშაბათ საღამოს მდგომარეობით, დათვლილია ხმების 98%. მონაცემების თანახმად, სოციალ-დემოკრატები ხმების 30.4%-ს მიიღებენ, თუმცა არ აქვთ საკმარისი მხარდაჭერა სხვა პარტიებისგან, რათა შეძლონ მემარცხენე კოალიციის ჩამოყალიბება.
მეორე ადგილზე გავიდა ულტრამემარჯვენე პარტია "შვედი დემოკრატები" ხმების 20.66%-ით, ხოლო მესამეზე "ზომიერი პარტია" 19.1%-ით, რომელიც სავარაუდოდ, ულფ კრისტერსონის ხელმძღვანელობით, მთავრობის ფორმირებას მოახდენს.
"თუ აღმოჩნდება, რომ ულფ კრისტერსონის გეგმა არ განხორციელდება, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენი კარი ღიაა. ჩვენ, სოციალ-დემოკრატები, მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველასთან, ვისაც სურს იყოს შვედეთის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის ნაწილი", - თქვა ანდერსონმა.
სავარაუდოდ, არჩევნების შედეგები ოფიციალურად შაბათ-კვირას დადასტურდება.
მაგდალენა ანდერსონი შვედეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრია. ის ამ თანამდებობაზე გასული წლის ნოემბრიდან მუშაობს.