უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი უარს ამბობს ომის დასრულების თარიღის პროგნოზირებაზე, თუმცა აცხადებს, რომ "ფრონტზე უკრაინის შეიარაღებული ძალების რამდენიმე გამარჯვების შემდეგ, რუსები უკრაინიდან გაიქცევიან".
"მე დარწმუნებული ვარ, რომ ფრონტზე რამდენიმე, თუნდაც უმნიშვნელო, მაგრამ გამარჯვების შემდეგ რუსი სამხედროები გაიქცევიან და ასე იქნება - მერწმუნეთ, რადგან დღეს ჩვენ ვანადგურებთ მათი მომარაგების ჯაჭვებს, საწყობებს და ასე შემდეგ. და ჩნდება კითხვა: სად წავლენ ისინი? და მათი სულისკვეთება... ეს იქნება ზვავივით, თავდაცვის ერთი ხაზი მოირყევა და მთლიანად დაეცემა", - განაცხადა რეზნიკოვმა.
მისივე თქმით, უკრაინელებმა უკვე ნახეს როგორ გაიქცნენ ოკუპანტები კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებიდან.
რეზინკოვის თქმით, რუსეთს აღარ აქვს რესურსები, რომ ჯარისკაცები გამოკვებოს, ტანკების ავზები საწვავით აავსოს, რადგან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მათ მარაგებზე წვდომა შეუწყვიტა. ახლა კი უკრაინა მაღალი სიზუსტის არტილერიითა და იარაღით აპირებს რუსეთის ძალებზე შეტევას, რაც ქვეყნიდან რუსი სამხედროების მასობრივ გადინებას გამოიწვევს.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, უკრაინის უშიშროების სამსახურმა დაადასტურა კუპიანსკის განთავისუფლება რუსეთის სამხედროებისგან. ქალაქი კუპიანსკი ხარკოვის ოლქში მდებარეობს და მსხვილი სარკინიგზო კვანძია.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვის ოლქში 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტის გათავისუფლების შესახებ იუწყებოდა.