საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას ესწრება. გერმანიაში, აშშ-ის რამშტაინის საჰაერო ბაზაზე მიმდინარე შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და გაერთიანებული შტაბების უფროსი, გენერალი მარკ მილი მასპინძლობენ.
რამშტაინის ფორმატის შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და ქვეყნის საჭიროებები, ასევე აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილება. საკონტაქტო ჯგუფი მხარს უჭერს უკრაინას და გმობს რუსეთის გაუმართლებელ და აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ.
ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, შეხვედრაზე, რომელსაც ქართული მხარე უკვე მეორედ ესწრება, წარმოდგენილი იქნება უკრაინაში არსებული სიტუაცია და განვითარებული მოვლენები.
"ნატოს წევრი და არაწევრი ქვეყნები გამოხატავენ იმ მხარდაჭერას, რაც შეიძლება აღმოუჩინონ უკრაინას. რაც დრო გადის, უფრო მეტი ქვეყანა უერთდება ამ ჯგუფს“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რამშტაინის საჰაერო ბაზაზე უკრაინის საკითხზე მიმდინარე შეხვედრასთან დაკავშირებით.
უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივნის მიწვევის საფუძველზე ესწრება. რამშტაინის საჰაერო ბაზაზე გამართულ შეხვედრაში 50-მდე თანამოაზრე ქვეყნის თავდაცვის მინისტრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები მონაწილეობენ.