"ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი აშშ-ის საელჩოს მიერ ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებას ეხმიანება.
ქადაგიშვილი აშშ-ის საელჩოს კანონების წაკითხვას ურჩევს.
"ძალიან დიდ პატივს ვცემთ აშშ-ის საელჩოს, მაგრამ სულ მცირე, ცოტა კორექტული ფორმულირება არის საჭირო "მოქალაქეებზე კონტროლის დამატებითი საშუალება მიიღონ". დალოცვილებო, წაიკითხეთ კანონები, რა, რას ეხება ეს ცვლილება. ეს ცვლილება ეხება სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ მყოფ სიტუაციაში კანონიერი ფარული მოსმენების დარეგულირებას. რა შუაშია მოქალაქეებზე კონტროლის დამატებითი მექანიზმი? არანაირი ობიექტური ანალიზი არ არის და არის პოლიტიკური ანგაჟირებული შეტევის მცდელობა", - ამბობს ქადაგიშვილი.
7 სექტემბერს აშშ-ის საელჩო პარლამენტის მიერ მოსმენების კანონის მიღებას გამოეხმაურა. საელჩოს განცხადებით, ეს კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას.