ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი, კრემლის მარიონეტი და პუტინის ახლო მოკავშირე, რამზან კადიროვი შესაძლოა რუსეთის ეროვნული გვარდიის ("როსგვარდია") უფროსი გახდეს.
მანამდე, გავრცელდა ცნობა, რომ კადიროვმა, რომელიც 2007 წლიდან უდგას სათავეში ჩეჩნეთის რესპუბლიკას, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს.
გამოცემა "მედუზა", რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით, წერს, რომ კადიროვი, სავარაუდოდ დაინიშნება მაღალ თანამდებობაზე რუსეთის ეროვნულ გვარდიაში - 300 000-კაციან "ჯარში", რომელიც პირადად ვლადიმირ პუტინს ექვემდებარება.
ახლა "როსგვარდიას" პუტინის ყოფილი მცველი ვიქტორ ზოლოტოვი მეთაურობს.
"მიუხედავად იმისა, რომ კადიროვის უფლებამოსილების ვადა 2026 წლამდე არ იწურება, მისი "როსგვარდიაში" გადაყვანა აქტიურად განიხილება", - "წერს მედუზა".
თავად ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა შაბათს ასევე მიანიშნა მის შესაძლო გადადგომაზე და თქვა, რომ "განუსაზღვრელი ვადით შვებულება დაიმსახურა".
ვიდეომიმართვაში კადიროვმა თქვა, რომ მოვიდა დრო თავად წავიდეს, ვიდრე მას გააგდებდნენ.