სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0.1%, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 10.9% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 7%-ით განისაზღვრა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა მოახდინა ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.8%-ით. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
პური და პურპროდუქტები - 32.4%;
რძე, ყველი და კვერცხი - 20.8%;
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 20.3%;
ზეთი და ცხიმი - 19.8%;
ყავა, ჩაი და კაკაო - 18.7%;
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 18.6%;
თევზეული - 13.6%;
ხორცი და ხორცის პროდუქტები - 11.1%;
ხილი და ყურძენი - 2.5%.
ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-9.6%).
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.6%-ით. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (18.7%), სატრანსპორტო მომსახურებაზე (14.5%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.6%).
საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 12.4%-იანი მატება. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (22.5%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (12.8%), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (6%).
სასტუმროები, კაფეები და რესტორნების ჯგუფში ფასები მომატებულია 14.9%-ით. ფასები გაიზარდა როგორც საზოგადოებრივი კვების (15.4%), ისე ღამის გასათევით მომსახურების (11.7%) ქვეჯგუფებზე.