"აშშ სამხრეთ ოსეთის ომის დროს სარკოზის ქმედებებით უკმაყოფილო იყო", - ამ სათაურით სტატიას ფრანგული " Le Monde "-ი, ინტერნეტ-გვერდ "ვიკილიქსის" მიერ გარცელებულ საიდუმლო მასალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
"მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის შუამავლობას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში ყოველთვის აფასებენ, როგორც სარკოზის გმირობას, მან გამოიწვია შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირების კრიტიკა, თუმცა ვაშინგტონის ეს პოზიცია საჯაროდ არ გამოქვეყნებულა, რადგან მოსკოვის თვალში დასავლეთის ერთობლიობა შენარჩუნებულიყო", - წერს " Le Monde "-ი.
უფრო კონკრეტულად, სტატიის თანახმად, შეერტებული შტატები სარკოზი-მედვედევის შეთანხმების ტექსტის ფორმულირებით იყო უკმაყოფილო, რადგან მისი ორაზროვნება რუსეთს გარკვეული პუნქტების სათავისოდ ინტერპრეტირების საშუალებას აძლევდა.
"აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კონდილიზა რაისის მიერ 2008 წლის 23 აგვისტოს ამერიკული საელჩოებისთვის გაგზავნილ დეპეშაში წერია, რომ "ცეცხლის შწყვეტის შესახებ" ხელშეკრულებაში ბევრი უზუსტობა იყო, რაც რუსეთს გარკვეული პუნქტების სათავისოდ ინტერპრეტირების საშუალებას აძლევდა და საქართველოს ტერიტორიიდან ჯარები არც გაუყვანია. შედეგად რაისი ელისეის სასახლეს ახალი დოკუმენტის მიღების თაობაზე მოელაპარაკა, თუმცა რუსეთმა ის აღარ სცნო", - ნათქვამია სტატიაში, რომელშიც ასევე განმარტებულია, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შეჩერებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით "ამ დიპლომატიური ინიციატივის საფრანგეთისთვის მინდობა თავად ბუშის ადმინისტრაციის იდეა იყო, რითაც სურდა საკითხის გადაჭრაში ევროკავშირს პირველხარისხოვანი როლი შეესრულებინა, რაც ხელს შეუშლიდა კრიზისის გადაქცევას რუსეთ-ამერიკის დაპირისპირებად პოსტსაბჭოთა სივრცეში".
გარდა ამისა, სტატია ერთ-ერთი ფრანგი დიპლომატის მონათხრობსაც მოიცავს, რომელიც სარკოზი-მედვედევის შეთანხმების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესს ესწრებოდა და აღნიშნულია, რომ მოსკოვში მიმდინარე მოლაპარაკებებზე საკმაოდ დაძაბული ატმოსფერო სუფევდა.
"ერთ მომენტში სარკოზი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს პიჯაკის სახელოში წვდა და მას მატყუარა უწოდა. ნათქვამია ერთ-ერთ ტელეგრამაში. როგორც ჩანს, სარკოზიმ რუსეთი გააფრთხილა იმის თაობაზე, რომ მის იმიჯს სერიოზული ზიანი მიაყენა ვალდებულებების შეუსრულებლობამ", - აღნიშნულია სტატიაში.
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტ-გვერდმა "ვიკილიქსმა" 250 მეტი აშშ-ის საიდუმლო დიპლომატიური მასალა გამოაქვეყნა.