Washington Post-ის წყაროებმა პენტაგონში განაცხადეს, რომ რუსეთის არმიამ თეირანიდან ირანული წარმოების უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავების პირველი პარტია მიიღო.
გაზეთის თანახმად, თვის დასაწყისში ირანმა რუსეთს ორი ტიპის დრონი გაუგზავნა.
დაზვერვის მონაცემების მიხედვით, რუსული სარდლობა უკიდურესად უკმაყოფილო იყო დრონების გამოცდის პირველი შედეგებით, რადგან მიღებული უპილოტო აპარატებიდან ბევრი აღმოჩნდა დეფექტური.
გამოცემის წყაროების მტკიცებით, პირველი გამოცდის განმავლობაში, რომელიც რუსმა სამხედროებმა ჩაატარეს, ირანული დრონები ხშირად გამოდიოდა წყობიდან, რის გამოც "რუსები უკმაყოფილონი იყვნენ".
ხარვეზების მიუხედავად, რუსეთი აპირებს ირანისგან შეიძინოს რამდენიმე ასეული აპარატი.
პენტაგონის ინფორმაციით, რუსეთი ირანიდან ყიდულობს უპილოტო თვითმფრინავების ორ სახეობას - Mohajer-6 და Shahed. ისინი გამოიყენება რადიოლოკაციური სისტემების, საარტილერიო დანადგარების და სხვა სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ.
რუსეთი, რომელიც უკრაინაში ომის გაჩაღების გამო დაწესებული სანქციებისა და გლობალური მიწოდების ჯაჭვის შეფერხების პირისპის აღმოჩნდა, სულ უფრო ხშირად მიმართავს ირანს, როგორც მთავარ პარტნიორსა და იარაღის მიმწოდებელს.
რამდენიმე დღის წინ, ტელეარხი CNN-ი იუწყებოდა, რომ რუსები ირანში ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების მართვას სწავლობენ.
ივლისში ასევე CNN-ი იუწყებოდა, რომ ირანში რუსეთის დელეგაცია ჩავიდა, რათა გაცნობოდნენ ირანული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს "შაჰპედ-191-სა" და "შაჰედ-129-ს", რომელთაც მაღალი სიზუსტის მართვათი რაკეტების გადატანა შეუძლიათ.
მოგვიანებით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ამერიკული დაზვერვის ცნობით, ირანი მზად არის, რუსეთს ასობით დრონი მიჰყიდოს, უკრაინაში გაჩაღებულ ომში გამოსაყენებლად.
13 ივლისს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ-აბოლაჰიანმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანხმადაც თეირანი რუსეთისთვის ასობით უპილოტო საფრენი აპარატის მიყიდვას აპირებს.