შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი სურსათის გლობალური უსაფრთხოების მიმართულებით ქერი ფაულერი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს გლობალურ შიმშილზე და განსაკუთრებით, ღარიბ ქვეყნებში სურსათის კრიზისზე დიდი გავლენა აქვს.
"ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში, ელჩი ფაულერი საქართველოზეც საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყანა წელიწადში 100 ათას ტონა მარცვლეულს აწარმოებს, 5-ჯერ ამდენი კი ძირითადად, რუსეთიდან შემოაქვს. უკრაინაში ომის ფონზე რუსეთმა საქართველოს ხორბლის მიწოდება შეუზღუდა, რის გამოც ქვეყანას ფქვილის ყიდვა სხვა ბაზრებიდან და უფრო ძვირად უწევს.
მისი განმარტებით, ამის გამო როგორც საქართველოს მთავრობა, ასევე შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, ქვეყნის რუსულ მარცვლეულზე დამოკიდებულების შესამცირებლად, საქართველოში შიდა წარმოების გაზრდის ხელშეწყობას ცდილობენ.
- ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში საქართველოს მთავრობის დელეგაცია ჩამოვიდა, რომელსაც სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, თქვენც შეხვდით. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, საუბრის ერთ-ერთი თემა მარცვლეულის წარმოების თვალსაზრისით საქართველოს თვითკმარობისა და მდგრადობის ხელშეწყობის გზები იყო. გთხოვთ, გვითხრათ მეტი ამაზე, რაზეა ზოგადად საუბარი?
- დიახ, ახლახან მქონდა ძალიან სასიამოვნო შეხვედრა საქართველოს საკმაოდ შთამბეჭდავ დელეგაციასთან, რომლის წევრებს შორის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრიც იყო. საქართველოსთვის ერთ-ერთი საკითხი ხორბლის იმპორტზე დამოკიდებულებაა. საქართველო თავად აწარმოებს წელიწადში დაახლოებით ასი ათას ტონა ხორბალს, მაგრამ ხუთჯერ მეტის იმპორტს ახორციელებს და ეს რაოდენობა თითქმის მთლიანად რუსეთიდან შემოდის.
ცხადია, ამ სიტუაციაში საქართველოს, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანას, რომელიც რუსულ ხორბალზეა დამოკიდებული, სურს, ამას თავი დააღწიოს და იყოს ნაკლებად დამოკიდებული. საქართველოს შემთხვევაში საჭირო იქნება ხორბლის შიდა წარმოების გარკვეულწილად გაზრდა. ბოლო წლებში, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი საქართველოსთვის ხორბლის მთავარი წყაროა… უბრალოდ მინდა აღვნიშნო, რომ ამ მომენტში არსებობს შეზღუდვები რუსეთიდან ხორბლის ექსპორტზე სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც. ამან რამდენიმე ქვეყანა აიძულა ხორბლის ნაცვლად ფქვილის იმპორტი აწარმოონ, რასაც უფრო მაღალი ფასი აქვს და განსაკუთრებით ახლა, როცა ფასები ჩვეულებრივზე მაღალია. ასე რომ, საქართველო, ისევე როგორც მრავალი სხვა ქვეყანა, დგას იმ ფაქტის წინაშე, რომ ორმაგი ტვირთი აქვს სატარებელი: ერთია ის, რომ დამოკიდებულია რუსეთზე, რაც არ არის საიმედო, და მეორე ის, რომ ხორბალი უნდა ჩაანაცვლოს კიდევ უფრო ძვირი იმპორტირებული ფქვილით.
- ეს ფქვილი რუსეთიდან შედის თუ სხვა ბაზრებიდან?
- ფქვილის შემოტანა ხდება სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის, სხვათა შორის, უკრაინიდანაც, მაგრამ ძირითადად, თურქეთიდან, ყაზახეთიდან და ასევე რუსეთიდან, საიდანაც ხორბლის ექსპორტზე შეზღუდვებია, ფქვილზე კი - არა.