უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებულია გაეროს მკაფიო პოზიციის არარსებობით ჩაპლინოს რკინიგზის სადგურზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შესახებ. ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.
დნეპროპეტროვსკის ოლქის სოფელი ჩაპლინო 24 აგვისტოს რუსეთის დაბომბვის ქვეშ ორჯერ მოექცა. ერთ-ერთ თავდასხმას 25 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვი. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სარაკეტო თავდასხმის სამიზნე სამხედრო მატარებელი იყო.
გაეროს ჰუმანიტარული დახმარების კოორდინატორმა უკრაინაში დენის ბრაუნმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
"მე უკიდურესად შოკირებული ვარ იმ დარტყმებით, რასაც ემსხვერპლა და დაიჭრა მშვიდობიანი მოქალაქეები გუშინ ცენტრალურ უკრაინაში, ჩაპლინოს რკინიგზის სადგურთან, ჩაპლინოზე დარტყმის დროს ადამიანების დაღუპვა კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ ტანჯვას, რომელსაც ეს ომი უკრაინის ხალხს აყენებს", - თქვა ბრაუნმა.
ამასთან, ბრაუნმა განცხადების ბოლოს აღნიშნა, რომ "ყველა მხარემ, გამონაკლისის გარეშე, კეთილსინდისიერად უნდა შეასრულოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ვალდებულებები".
სწორედ განცხადების ბოლო ნაწილმა გამოიწვია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მწვავე რეაქცია.
"გაეროს უმაღლესი წარმომადგენლის მოწოდება "ყველა მხარისადმი", პატივი სცეს ჰუმანიტარულ სამართალს, როგორც ჩანს, რეალობას არ შეესაბამება. მსხვერპლის აგრესორთან გათანაბრება აბსოლუტურად მიუღებელია", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.