მიანმარში, სამხედრო ხუნტის მიერ კონტროლირებადმა სასამართლომ ქვეყნის ყოფილ ლიდერს, ნობელის პრემიის ლაურეატს აუნ სან სუ ჩის კიდევ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ამჯერად, ხუნტის სასამართლომ სან სუ ჩი კორუფციაში ცნო დამნაშავედ.
საინფორმაციო პორტალ Myanmar Now-ის ცნობით, აუნ სან სუჩის ბრალად ედება მის მიერ შექმნილი საქველმოქმედო ფონდის სახსრების მითვისება.
ბრალდების მტკიცებით, ფონდის სახსრები, რომელის ჯანდაცვისა და განათლების სექტორების დაფინანსებას უნდა მოხმარებოდა, სახლის მშენებლობისთვის იქნა გამოყენებული. ამასთან, სან სუ ჩის ბრალად ედება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის შეღავათიან ფასად იჯარით განკარგვა.
აუნ სან სუჩი მის მიმართ წაყენებულ ყველა ბრალდებას უარყოფს.
სასამართლო პროცესი დახურულ კარს მიღმა გაიმართა, საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლების მონაწილეობის გარეშე. ადვოკატებს აეკრძალათ ამ პროცესის რაიმე დეტალის გამხელა.
2022 წლის ივნისში სუ ჩი შინაპატიმრობიდან გადაიყვანეს სამარტოო საკანში დედაქალაქ ნაიპიდაუში.
წინა სასამართლო გადაწყვეტილებების თანახმად, 77 წლის ნობელის პრემიის ლაურეატს უკვე მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მის წინააღმდეგ აღძრულ სხვა საქმეებზე.
ამის გარდა, მიანმარის ხუნტა აუნ სან სუ ჩის ადანაშაულებს ღალატში, სახელმწიფო საიდუმლოს გამჟღავნებასა და არჩევნების გაყალბებაში. თუ პოლიტიკოსს ყველა ამ ბრალდებაში დამნაშავედ აღიარებენ, მას საერთო ჯამში 100 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
აუნ სან სუ ჩი პარტია "ეროვნული ლიგა დემოკრატიისათვის" ლიდერია. მან 15 წელი შინა პატიმრობაში გაატარა. 1991 წელს გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში. 2015 წელს არჩევენბში პარტიის გამარჯვების შემდეგ აუნ სან სუ ჩი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი და ფაქტობრივად, სახელმწიფოს ლიდერი გახდა.
2021 წლის თებერვალში მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა - არმიამ პარტია "ეროვნული ლიგა დემოკრატიისათვის" 2020 წლის არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა, ისე, რომ მტკიცებულებები არ წარუდგენია. აუნ სან სუ ჩი კვლავ დააპატიმრეს.
მიანმარი გადატრიალების შემდეგ სულ უფრო ეფლობა ქაოსსა და ძალადობაში. უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაცემებით, ხუნტის საწინააღმდეგო პროტესტების დროს სულ მცირე 1 447 ადამიანი მოკლეს, 11 400-მდე კი დააპატიმრეს.