რამდენიმე დღეში, რუსეთ-საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლა ამოქმედდება, რაც სომხეთში ტვირთების გადაზიდვისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" სომხური სამსახურის ცნობით, სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა განაცხადა.
"ახლა ვატარებთ საბოლოო სამუშაოებს, განრიგი უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება", - განაცხადა მან.
მედიის ცნობით, მინისტრმა ქერობიანმა ბოლო თვეების განმავლობაში, არაერთხელ ისაუბრა მიახლოებითი თარიღების შესახებ, თუ როდიდან ამოქმედდებოდა საბორნე მიმოსვლა, მაგრამ გადაზიდვები ჯერაც არ ამუშავებულა.
5 მაისს ვაჰან ქერობიანი აცხადებდა, რომ საბორნე გადაზიდვები 15 ივნისისთვის ამოქმედდებოდა.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ქერობიანმა აღნიშნა, რომ გართულებები უკრაინაში წამოწყებული ომის გამო წარმოიშვა.
"მოდით ერთი-ორი დღე მოვიცადოთ, დავიცადოთ რამდენიმე დღე და მე დარწმუნებული ვარ შედეგი იქნება... დიახ, ეს არ არის მარტივი საკითხი, მით უმეტეს, რომ შეიცავს ასეთ მძიმე გეოპოლიტიკურ ცვლილებებს და ზეწოლას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მუშაობა ძალიან მალე გამოიღებს შედეგს", - დასძინა ვაჰან ქერობიანმა.
ბორანი იმოძრავებს კრასნოდარის ოლქში მდებარე პორტ "კავკაზსა" და ფოთის პორტს შორის.
სომხეთს რუსეთთან ერთადერთი სახმელეთო მარშრუტი აკავშირებს, რომელიც გადის ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე. სომხეთი დიდი ხანია ტვირთების გადაზიდვის ალტერნატიულ გზებს ეძებს, რადგან ლარსის გავლით სომხური გადამზიდავები დიდ დროს ანდომებენ დანიშნულების ადგილამდე ჩასვლას.
საბორნე მიმოსვლა იქნება რუსეთისა და სომხეთის დამაკავშირებელი ალტერნატიული გზა.