ანექსირებულ ყირიმში, ნოვოფედოროვკასთან, საკის აეროდრომზე მომხდარი აფეთქებების სერიის შედეგად, რუსეთის 9 სამხედრო თვითმფრინავი განადგურდა. იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა.
"ნახევარკუნძულზე მოწინააღმდეგის ცხრა თვითმფრინავი ლიკვიდირებულია", - ნათქვამია შეტყობინებაში.
შეგახსენებთ, 9 აგვისტოს რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე ავიაბაზაზე აფეთქებები იყო. გავრცელებული ცნობით, დაიღუპა 1 ადამიანი, დაშავებულია 7. მოსკოვი ამტკიცებს, რომ ეს არ არის უკრაინული მხრიდან თავდასხმა და აფეთქება ბაზაზე, იარაღის საწყობში მოხდა.
აფეთქებები ყირიმის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ბაზაზე, ქალაქ ნოვოფედოროვკის მახლობლად მოხდა.
სამხედრო ბაზა და აეროდრომი, რომელიც ნოვოფედროვოკასთან მდებარეობს, ყირიმში რუსული ავიაციის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია.
იქ განლაგებულია რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების 43-ე გამანადგურებელი საავიაციო პოლკი, რომელიც ძირითადად შედგება Su-30SM, Su-33 თვითმფრინავებისა და Su-24M ბომბდამშენებისგან.