პრიშტინამ 1-ელ სექტემბრამდე გადადო გადაწყვეტილების აღსრულება, რომლის თანახმადაც სერბეთის მოქალაქეებს საზღვრის გადასაკვეთათ დროებითი დოკუმენტები უნდა მიეღოთ, ხოლო ჩრდილოთ კოსოვოში მცხოვრები სერბების ავტომანქანებს სერბეთში გაცემული სანომრე ნიშნები ადგილობრივით უნდა შეეცვალათ.
გადაწყვეტილების აღსრულების გადადების შესახებ კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტმა 1-ელ აგვისტოს ღამით გამოაცხადა.
კურტის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულება გადაიდო იმ პირობით, რომ კოსოვოს ჩრდილოეთით მოიხსნება ბარიკადები და სრულად აღდგება გადაადგილების თავისუფლება.
"კოსოვოს მთავრობა 2022 წლის 1-ლი აგვისტოდან იღებს ვალდებულებას, რომ გადადოს 2022 წლის 29 ივნისის ორი გადაწყვეტილების აღსრულება 2022 წლის 1-ელ სექტემბრამდე იმ პირობით, რომ ყველა ბარიკადი მოიხსნება და კოსოვოს ჩრდილოეთით სრულად აღდგება გადაადგილების თავისუფლება", - ნათქვამია ალბინ კურტის განცხადებაში.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელი მიესალმა კოსოვოს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას.
"ჩვენ ველით, რომ ყველა საგზაო ბლოკადა დაუყოვნებლივ მოიხსნება", - დაწერა ბორელმა თავის Twitter-ზე და დასძინა, რომ საჯარო საკითხები უნდა გადაწყდეს ევროკავშირის ხელშეწყობით, დიალოგის გზით და კოსოვოსა და სერბეთს შორის ურთიერთობების ყოვლისმომცველი ნორმალიზების მიზნით.
შეგახსენებთ, 31 ივლისს, კვირა საღამოს, ასობით ეთნიკურმა სერბმა, ორი სასაზღვო პუნქტის მიმართულებით, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილებით დაბლოკა სატრანსპორტო მოძრაობა.
კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ განაცხადა, რომ რეგიონში სიტუაციის გამწვავებაში სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩია დამნაშავე. კურტი აცხადებდა, რომ საზღვარზე საავტომობილო გზის გადაკეტვა წინასწარი დაგეგმილი ქმედებაა.
ალბინ კურტის განცხადებით, კოსოვოს გადაწყვეტილება მანქანების ხელახალი რეგისტრაციისა და სანომრე ნიშნების გამოცვლის შესახებ, არის პასუხი ბელგრადის ქმედებებზე, რომელიც იგივეს ითხოვს კოსოვოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც სერბეთში შედიან.
თავის მხრივ, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ კოსოვოში მცხოვრები სერბებისთვის ვითარება ესოდენ რთული არასდროს ყოფილა და თუ "სერბეთს თავს დაესხმებიან, სერბეთი გაიმარჯვებს".
კოსოვოში ნატოს მეთაურობით მყოფი საერთაშორისო ძალების სარდლობამ (KFOR), რომელიც პასუხისმგებელია კოსოვოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, მზადყოფნა გამოთქვა, ჩაერიოს ბელგრადსა და პრიშტინას შორის სასაზღვრო კონფლიქტში, თუ კოსოვოს ჩრდილოეთით სტაბილურობას საფრთხე შეექმნება.
კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წლის თებერვალში გამოაცხადა. ქვეყანა დღეისათვის, 98-მა ქვეყანამ აღიარა. თუმცა სერბეთი მას კვლავ თავის ავტონომიურ ოლქად მიიჩნევს.