რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი, კრემლის მარიონეტი რამზან კადიროვი ალექსანდრე ნეველის ორდენით დააჯილდოვა.
როგორც თავად კადიროვმა ტელეგრამის არხზე განაცხადა, ჯილდო გადაეცა "ჩეჩნეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის და დიდი ეროვნული მნიშვნელობის ამოცანების ეფექტური გადაწყვეტისთვის".
"პირობას ვდებ, მომავალშიც თავდაუზოგავად ვიმსახურებ ჩეჩნეთის რესპუბლიკისა და ჩვენი დიადი სამშობლოს, რუსეთის საკეთილდღეოდ", - განაცხადა პროპუტინისტმა კადიროვმა.
მიუხედავად იმისა, რომ კადიროვი მიღებულ ჯილდოს ჩეჩნეთის სოციალურ-ეკონომიკურ "აყვავებაში შეტანილ წვლილს" მიაწერს, რეალობა ჩეჩნეთში სრულიად განსხვავებულია. მრავალი ავტორიტეტული კვლევების თანახმად, ჩეჩნეთს რესპუბლიკა სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლებით, რუსეთის სხვა რეგიონებს შორის, ერთ-ერთ ბოლო ადგილს იკავებს. 2020 წელს ჩეჩნეთში მცხოვრები ყოველი მეხუთე ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღა იყო.
რამზან კადიროვს, რომელიც შესაძლებლობას არ უშვებს ხელიდან, რომ პუტინს თავისი ერთგულება დაუმტკიცოს, უამრავი ჯილდო, წოდება და საპატიო სტატუსი აქვს მიღებული. ალექსანდრე ნეველის ორდენი მისი 24-ე ფედერალური ჯილდოა.
ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა 2011 წელს მიიღო პოლიციის გენერალ-მაიორის სპეციალური წოდება, ხოლო 2022 წელს - გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება. კადიროვი სამჯერ გახდა აკადემიკოსი, ასევე ერთი დღით გახდა რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის წევრი.
ცოტა ხნის წინ, რუსეთის სტომატოლოგთა ასოციაციამ კადიროვი "სტომატოლოგიის წინაშე დამსახურებისთვის" პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.