ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ "მაიმუნის ყვავილის" გლობალურ საფრთხედ გამოცხადებას ქართველი ეპიდემიოლოგი, მაია ბუწაშვილი ეხმაურება. ის "ფეისბუქზე" წერს, რომ გამორიცხული არ არის, მსოფლიოს კიდევ ერთი პანდემია ელოდეს წინ.
"ორი დღის წინ ჯანმომ მაიმუნის ყვავილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო საფრთხედ გამოაცხადა. 2020 წლის იანვარში ანალოგიურად გამოცხადდა კოვიდი, რომელმაც მარტში უკვე პანდემიის კვალიფიკაცია მიიღო.
ამან გარკვეული მღელვარება გამოიწვია. რა თქმა უნდა, გლობალურ საფრთხედ გამოცხადება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ პანდემია გველის წინ, თუმცა გამორიცხული არც ეს არის (სადღეისოდ მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში 16 ათასი შემთხვევაა დარეგისტრირებული, 5 ლეტალური გამოსავალი).
გლობალურ საფრთხედ გამოცხადების მიზანი ძირითადად არის ის, რომ სხვადასხვა ქვეყნებმა მეტად მოახდინონ მობილიზება და გადავიდნენ მზადყოფნის რეჟიმში, კერძოდ, გააუმჯობესონ ეპიდზედამხედველობა, იმუშავონ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე, ასევე დაგეგმონ და განსაზღვრონ ვაქცინაციის სამიზნე ჯგუფები და ა.შ.
ასეა თუ ისე, მაიმუნის ყვავილს ბევრად უფრო მომზადებული ხვდება მსოფლიო, ვიდრე ეს კოვიდის შემთხვევაში იყო. არსებობს ვაქცინები, ასევე ანტივირუსული მედიკამენტები, ვირუსის შესახებ ბევრად მეტია ცნობილი და შესაბამისად, პრევენციაც უფრო ადვილია," - წერს მაია ბუწაშვილი.