რამდენიმე საათის წინ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ყვავილის მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით, ჯანდაცვის სფეროში გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ორგანიზაციის გენერალური დირექტორის ტედროს ადანომ ღებრეიესუსის განცხადებით, მსოფლიოს 75 ქვეყანაში მაიმუნის ყვავილის 16 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსის შედეგად აღრიცხულია გარდაცვალების 5 შემთხვევა.
მისივე თქმით, ვირუსით ინფიცირების რისკი გლობალურ დონეზე "ზომიერია", ხოლო ევროპაში "მაღალი".
ამჟამად მსოფლიოში არსებობს მხოლოდ ორი ასეთი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა – კორონავირუსული პანდემია და მუდმივი ძალისხმევა პოლიომიელიტის აღმოსაფხვრელად.
რა სიმტომები ახასიათებს მაიმუნის ყვავილს და როგორია მისი მკურნალობის გზები
მაიმუნის ყვავილი ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს უპირატესად გადაეცემა მღრნელებისა და პრიმატებისგან. ადამიანებს შორის ვრცელდება რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით ან დაინფიცირებულ საგნებთან შეხებისას. გადაცემის შემთხვევები ასევე აღწერილია არასაკმარისად დაუმუშავებელი ხორც-პროდუქტების მიღებისას.
შემთხვევების უმრავლესობას წარმოადგენენ 18-დან 50 წლამდე ასაკის კაცები, რომლებსაც ჰქონდათ სქესობრივი კონტაქტი სხვა კაცებთან.
მაიმუნის ყვავილის კლინიკა უპირატესად ყვავილის კლინიკის მსგავსია, თუმცა გაცილებით მსუბუქად მიმდინარეობს. ინკუბაციური პერიოდი 5-დან 21-დღემდეა (უპირატესად 7-14 დღე). დაავადებული ადამიანების უმეტესობა გამოჯანმრთელდება რამდენიმე კვირაში.
ვირუსით დაღუპვის შემთხვევები 1%-იდან 10%-მდე მერყეობს.
მაიმუნის ყვავილს პოქსვირუსი იწვევს. პოქსვირუსი იმავე გვარსა და ოჯახს მიეკუთვნება, რომელსაც ყვავილის გამომწვევი ვირუსი.
მაიმუნის ყვავილის ძირითადი სიმპტომებია გამონაყარი, ცხელება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, ლიმფური კვანძების შეშუპება, შემცივნება და დაღლილობა.
ჯანმო-ს მიერ შემუშავებულია მაიმუნის ყვავილის შემთხვევის განსაზღვრების სამუშაო ვერსია:
შესაძლო შემთხვევა
ცხელებით (>38.3⁰C) მიმდინარე მწვავე დაავადება, რომელსაც თან ახლავს თავის ძლიერი ტკივილი, ლიმფოადენოპათია, წელის ტკივილი, მიალგია, ძლიერი სისუსტე და 1-3 დღის შემდეგ განვითარებული პროგრესული გამონაყარი, რომელიც ხშირად სახიდან იწყება და შემდეგ ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზე, მ.შ. ფეხის ტერფებსა და ხელის გულებზე. გამონაყარი იწყება მაკულებით, რომლებიც გარდაიქმნება პაპულებად, ვეზიკულებად, პუსტულებად და შემდეგ ქერქად.
სავარაუდო შემთხვევა
შესაძლო შემთხვევის განსაზღვრებასთან თავსებადი შემთხვევა, რომელიც არ არის ლაბორატორიულად დადასტურებული, მაგრამ გააჩნია ეპიდემიოლოგიური კავშირი დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევასთან.
დადასტურებული შემთხვევა
კლინიკურად თავსებადი შემთხვევა, რომელიც დადასტურებულია ლაბორატორიული კვლევის შედეგად.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ქვეყნებში დაფიქსირებული შემთხვევების უმეტესობა ჰომო- ან ბისექსუალია, რის გამოც დიდი მნიშვნელობა ენიჭება შემთხვევის სექსუალური ორიენტაციის დადგენას. მათ ნაწილს აღენიშნება გამონაყარი გენიტალურ ან / და პერიანალურ არეებში. შესაძლო ან სავარაუდო შემთხვევების აღმოჩენის შემთხვევაში, კონტაქტებისა და დაავადების წყაროს დადგენის გარდა, აუცილებელია დიფერენციალური დიაგნოზის გატარება ჩუტყვავილასთან, წითელასთან, მარტივ ჰერპესვირუსულ ინფექციასთან, სიფილისთან და სამკურნალო პრეპარატების მოხმარებით გამოწვეულ ალერგიასთან.
ნატურალური ყვავილის საწინააღმეგო აცრა საკმაოდ ეფექტიანად იცავდა მაიმუნის ყვავილის ვირუსისგანაც
მკურნალობა შესაძლებელია ყვავილის საწინააღმდეგო პრეპარატებით.