მზად ვართ, იოლად ავიღოთ კიევი და ნატოს ქვეყნები, - აცხადებს ტელეგრამის არხზე ჩეჩნეთს რესპუბლიკის ლიდერი, კრემლის მარიონეტი რამზან კადიროვი.
რამზან კადიროვმა ტელეგრამში გავრცელებულ განცხადებაში, ჩეჩნეთში ოთხი სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფის "ახმატის" შექმნის შესახებ გამოაცხადა.
კადიროვის მტკიცებით, ქვედანაყოფები დაკომპლექტებულია მებრძოლებისგან, რომლებმაც "შეითვისეს სამხედრო ოპერაციების გამოცდილება სირიასა და უკრაინაში".
"მტრისგან ნებისმიერ მომენტში ყველაფერს უნდა ველოდოთ, ამიტომ ჩვენ გვჭირდება პრევენციული ტაქტიკური ზომები", - აცხადებს კადიროვი.
ჩეჩნეთის ლიდერმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომს და მას უწოდა "წმინდა ბრძოლა სატანიზმის წინააღმდეგ".
"დღეს მსოფლიოში არავის შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა, გარდა რუსეთისა, იმ ჯოჯოხეთური სისაძაგლის მიმართ, რომელსაც დასავლეთი ავრცელებს", - წერს კადიროვი და დასძენს, "ჩვენ მზად ვართ, ბრძანების შემთხვევაში, უფრო შორს წავიდეთ, იოლად ავიღოთ კიევი და ნატოს ქვეყნები".
თავის ვრცელ განცხადებაში, კადიროვს არ დაუკონკრეტებია ნატოს 30-ვე ქვეყნის "აღებას" აპირებს თუ კონკრეტული ქვეყნები აქვს მიზანში ამოღებული.