უკრაინაში კრემლის მიერ გაჩაღებული დამპყრობლური ომის გამო, იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა.
ტოკიოს მიერ დაწესებული ახალი ზომების ფარგლებში, აიკრძალა რუსეთიდან ოქროს იმპორტი. იაპონიის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ოქროზე ემბარგოს შესახებ დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ამასთან, ამიერიდან იაპონურ კომპანიებს ეკრძალებათ რუსეთისთვის სატრასტო, ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო მომსახურების გაწევა.
იაპონიის მთავრობის გადაწყვეტილებით, გაფართოვდა პერსონალურად სანქცირებულ რუსთა სიაც, რომელსაც კიდევ რუსეთის მოქალაქე 57 დაემატა. კერძოდ, რუსეთის ვიცე-პრემიერი დმიტრი გრიგორენკო, ვიოლონჩელისტი, რუსეთის სახალხო არტისტი, პუტინის ახლო მეგობარი სერგეი როლდუგინი და მისი მეუღლე, ოლიგარქ ალექსეი მორდაშოვის ნათესავები და სხვები.
სანქციები ასევე დაუწესდა რუსეთის არმიის 45 სამხედრო მოსამსახურეს და 6 რუსულ კომპანიას.
შავ სიაში შედიან ხერსონის ოლქის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვოლოდიმირ სალდო და მისი მოადგილე კირილ სტრემუსოვი, მელიტოპოლის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გალინა დანილჩენკო და კიდევ ორი მოქალაქე, რომლებიც "პირდაპირ მონაწილეობენ აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციაში".
შეგახსენებთ, რუსულ ოქროზე ემბარგოს დაწესების ინიციატივით, თავდაპირველად შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოვიდა, ბავარიაში დაგეგმილი "დიდი შვიდეულის" დასკვნითი სამიტის წინ. პრეზიდენტ ბაიდენის წინადადებას მალევე მხარდაჭერა გამოუცხადეს კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და იაპონიამ.
ოქრო რუსეთის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო საქონელია, რომელმაც 2021 წელს რუსეთის ეკონომიკას 20 მილიარდამდე დოლარი მოუტანა.