„როგორც ჩანს, მან ამით გამოხატა წყენა იმის გამო, რომ რადიკალურ ოპოზიციას გუშინდელი აქცია ჩაუვარდა. მის განცხადებაზე რაიმე სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, პრეზიდენტმა თავადაც არ იცის, თუ რატომ არ მოსწონს მმართველი გუნდის 12-პუნქტიანი გეგმა.
„მას რომ ჩაეკითხოთ, თუ რას გულისხმობდა ჩვენი გეგმის მიმართ კრიტიკაში, ვერ გიპასუხებთ, ვერაფერს ვერ გეტყვით. შეგიძლიათ ჩაეკითხოთ, თუ რატომ არ მოეწონა 12-პუნქტიანი გეგმა და ვერაფერს ვერ გეტყვით. ერთადერთი, რაც მან გამოხატა, არის წყენა იმის გამო, რომ რადიკალურ ოპოზიციას გუშინ აქცია ჩაუვარდა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, აიგივებს თუ არა ერთმანეთთან „ნაციონალურ მოძრაობასა“ და სალომე ზურაბიშვილს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „არა, უბრალოდ, მათი წარუმატებლობა ეწყინა“.
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის გეგმას „ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან“ კავშირი არ აქვს. „არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას „გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან“, - აცხადებს ზურაბიშვილი.