შეერთებული შტატების იუსტიციის მდივანი და გენერალური პროკურორი მერიკა გარლანდი, უკრაინაში ვიზიტისას, კიევს დაჰპირდა, რომ დახმარებას აღმოუჩენს რუსეთის შეჭრის შემდეგ ჩადენილი ომის დანაშაულების სამართლებრივ დევნაში.
"მე აქ ვარ, რათა გამოვხატო უკრაინელთა მიმართ შეერთებული შტატების სრული მხარდაჭერა, რუსეთის უკანონო და გაუმართლებელი შეჭრის ფონზე", - თქვა გარლანდმა უკრაინის გენერალურ პროკურორთან ირინა ვენედიქტოვასთან პოლონეთის საზღვრის სიახლოვეს შეხვედრისას.
გარლანდის თქმით, ვაშინგტონი მხარს დაუჭერს "უკრაინის ხელისუფლებას იმ პირთა დევნაში, ვინც პასუხისმგებელია სისასტიკესა და ომის დანაშაულებზე".
"აშშ აგზავნის მკაფიო გზავნილს: პასუხისმგებელი პირები ვერსად დაიმალებიან", - დასძინა მან.
ამავდროულად, მერიკ გარლანდმა გამოაცხადა სპეციალური ჯგუფის შექმნის თაობაზე, რომელიც ორიენტირებული იქნება ომის დანაშაულების გამოძიებასა და პასუხისმგებელ პირთა სამართლებრივ დევნაზე. ჯგუფს ელი როზენბაუმი უხელმძღვანელებს.
ირინა ვენედიქტოვამ, თავის მხრივ, ამ დახმარებას "ძალიან მნიშვნელოვანი" უწოდა. "ჩვენ ყველას გვესმის, რომ საქმე გვაქვს ძალიან ძლიერ მტრებთან", - თქვა მან.