სამშვიდობო შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა აღდგება და როდესაც რუსეთი გარდაუვლად დამარცხდება.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა გამოცემა NewsMaker-ს განუცხადა.
„დღევანდელ პირობებში სამშვიდობო შეთანხმება უპერსპექტივო და შეუძლებელია. დღეს ომის გაჩერება ნიშნავს, ჩვენი ხალხისთვის უკრაინაში დაბრუნებაზე უარის თქმას. არავინ წავა მაგალითად ხარკოვში, ზაპოროჟიეში, დნიპროში, კრივოი როგში, ნებისმიერ ქალაქში - გამყოფი ხაზის სიახლოვეს, იმიტომ, რომ უკრაინის მოქალაქე მიხვდა, რომ ნებისმიერ მომენტში შესაძლოა, ომი დაიწყოს იმავე ინტენსივობით. ამ შემთხვევაში რუსეთს ვეღარავინ შეაკავებს. სამშვიდობო შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა აღდგება და როდესაც რუსეთი გარდაუვლად დამარცხდება“, - თქვა მან.
ამასთან, პოდოლიაკმა დასძინა, რომ უკრაინა მოლაპარაკებებზე მხოლოდ ძლიერი პოზიციით წავა.
„მოლაპარაკების პროცესი - ეს მხოლოდ პოზიციების შეჯახებაა. თუ შენ სუსტ პოზიციაში ხარ, მოლაპარაკების პროცესში იმავე პოზიციაში დარჩები და მხოლოდ ულტიმატუმებს მიიღებ. ჩვენი პოზიციების გაძლიერება შესაძლებელია, თუ აღმოსავლეთ ფრონტზე მივიღებთ შეიარაღების შესაბამის რაოდენობას, რუსეთს ტაქტიკურ მარცხს მივაყენებთ და მაშინ მოლაპარაკების პროცესი სხვაგვარი იქნება: ის არ იქნება უტიმატუმებით, თუმცა იქნება კონფლიქტური, მაგრამ უკრაინის პოზიციის დომინირებით“, - თქვა მან.