რუსული ჯარები მუდმივად ბომბავენ უკრაინის ქალაქებსა და დასახლებებს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და კონვენციებით აკრძალული საბრძოლო მასალის გამოყენებით, წერს New York Times-ი თავის ახალ საგამოძიებო სტატიაში.
New York Times-ის ჟურნალისტებმა შეისწავლეს 1000-ზე მეტი ფოტო უკრაინიდან და დაადგინეს იქ გამოყენებული 2000-ზე მეტი საბრძოლო მასალის ტიპი, რომელთა დიდი უმრავლესობა არაზუსტი იარაღია. არაზუსტი იარაღის გამოყენება აკრძალულია დასახლებული ობიექტების დასაბომბად.
ამასთან, 210-ზე მეტი გამოყენებული იარაღი მიეკუთვნება იმ იარაღთა კატეგორიას, რომლის გამოყენებაც აკრძალულია საერთაშორისო ხელშეკრულებებით. მათგან, ძირითადად ყველა იყო კასეტური ჭურვები, რომელიც საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგაც კი, ათწლეულების განმავლობაში სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.
330-ზე მეტი საბრძოლო მასალა, სავარაუდოდ, გამოყენებული იყო სამოქალაქო სამიზნეების წინააღმდეგ, ან მის მახლობლად - ასევე საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევით.
გამოცემის ცნობით, ომის დროს სრული ინფორმაციის მოპოვების სირთულის გამო, ეს მონაცემები არ არის სრულყოფილი. ზოგიერთი იდენტიფიცირებული იარაღი შესაძლოა გასროლილი ყოფილიყო უკრაინული ძალების მიერ შეჭრისგან თავის დასაცავად, მაგრამ მტკიცებულება მიუთითებს რუსეთის ძალების მიერ ასეთი იარაღის ბევრად უფრო ფართო გამოყენებაზე.
კასეტური საბრძოლო მასალა ჰაერში ფეთქდება, იშლება წვრილ ნაწილაკებად, იფრქვევა ფართო ტერიტორიაზე და პოტენციურად საფრთხეს უქმნის სამოქალაქო პირებს.
კასეტური ბომბები ხშირად არ ფეთქდება გასროლისას და ფაქტობრივად გადაიქცევა ნაღმებად, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში წარმოადგენს საფრთხეს.
120-ზე მეტმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომელიც კრძალავს კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებას. თუმცა, რუსეთი და უკრაინა (ისევე, როგორც სხვა მრავალი ქვეყანა, მათ შორის აშშ, ჩინეთი, ისრაელი, ინდოეთი და პაკისტანი) არ არიან ამ ხელშეკრულების ხელმომწერნი.
ფოტო: New York Times