"ნებისმიერი საათი, რომელსაც ერთმანეთთან კინკლაობაში ვკარგავთ შეიძლება გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ვაგოთ პასუხი ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და ქვეყნის რეპუტაციისთვის, ქვეყნის შანსის გამო, საკუთარი ეგო უკან დავწიოთ და მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები", - ამის შესახებ ეკა ხერხეულიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ეს არის ისტორიული ამოცანა, ქართველი ხალხის საუკუნოვანი ოცნება და ეპოქალური მოლოდინი.
"როდესაც ჩვენ იმ მიჯნაზე ვართ მისული, რომ უნდა მივიღოთ პასუხი ჩვენი ადგილი სად არის დღეს - ეს არ გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი და ჩვენი მშობლების თაობების მონაპოვარი. დადებითი პასუხის შემთხვევაში, ეს იქნება პოლიტიკური აქტი და ჩვენი მემკვიდრეობის დაბრუნება, იმიტომ რომ ადამიანები ვინც ამისთვის იბრძოდნენ და შეეწირნენ ამ საქმეს, მათი რეაბილიტაცია მხოლოდ ამ გადაწყვეტილებით შეიძლება მოხდეს. დღეს ჩვენ ველოდებით გადაწყვეტილებას. გასაგებია, რომ ერთმანეთი არ მოგვწონს და იმიტომ ვართ სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკში, რომ ჩვენი პოლიტიკური გემოვნება ერთმანეთს არ ემთხვევა, მაგრამ ქვეყანა გვაქვს ერთი და თქვენ არ გაქვთ უფლება ყოველდღიურად დაუკარგოთ შანსი საქართველოს ევროპულ მომავალს", - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.
მისი თქმით, მმართველი გუნდი ეწევა სპეკულაციას, როდესაც ამბობს, რომ ადამიანებს, რომლებიც დღეს პოლიტ-პატიმრებად არიან ციხეებში, პოზიცია არ აქვთ ევროკავშირთან დაკავშირებით.
"როდესაც ევროპისკენ მივდივართ უნდა გვახსოვდეს, რომ არ არსებობს ევროპაში ქვეყანა, სადაც ქვეყანას ჰყავს პატიმარი ყოფილი პრეზიდენტი. ასეთი მაგალითი არ არსებობს და საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი ამ ისტორიულ მოცემულობაში. როდესაც ვსაუბრობთ ამ შანსებზე და ჩვენკენ იშვერთ ხელს იმას ნიშნავს, რომ ამით მხოლოდ სპეკულირებთ, იმიტომ რომ გადაწყვეტილება თქვენ ხელშია. სულ რამდენიმე საათი გვაშორებს იმასთან თუ რა შედეგი დადგება დღეს. ნებისმიერი საათი, რომელსაც ერთმანეთთან კინკლაობაში ვკარგავთ შეიძლება გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ვაგოთ პასუხი ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და ქვეყნის რეპუტაციისთვის, ქვეყნის შანსის გამო, საკუთარი ეგო უკან დავწიოთ და მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები. ეს არის პატრიოტიზმი", - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.