უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე კლინიკებში სამოქალაქო პაციენტების მიღება შეწყვიტეს დაჭრილი რუსი ჯარისკაცებისთვის საწოლების გასათავისუფლებლად.
ამასთანავე, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე სისხლის დონაცია მზარდი ტემპით მიმდინარეობს.
გენშტაბის ინფორმაციით, ბელარუსის მხრიდან უკრაინის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სარაკეტო და ავიადარტყმების საფრთხე კვლავ ნარჩუნდება.
მათივე ცნობით, ხარკოვში ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული იყო არსებული ფრონტის ხაზის შეკავებაზე.
"დონეცკის მიმართულებით მტერი ახორციელებს შეტევით ოპერაციებს. აქტიურად იყენებს სარაკეტო ჯარებსა და საშუალებებს, აწარმოებს საარტილერიო და რადიოელექტრონულ ომს. მათი მხრიდან გაიზარდა ოპერატიულ-ტაქტიკური და საავიაციო ოპერაციების ინტენსივობა. ოკუპანტები ცდილობენ პოზიციების მოპოვებას ლიმანში. ბრძოლები გრძელდება სევეროდონეცკში, ავდეევკასა და იუჟნობუჟსკში. რუსული ჯარები აზიანებენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას“, – ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.
ამასთან, დანაკარგების ასანაზღაურებლად, ოკუპანტები საწყობებიდან იღებენ მოძველებულ იარაღს, სამხედრო აღჭურვილობასა და ტექნიკას.