ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთა. ინფორმაციას ფინეთის პრეზიდენტის კანცელარია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, პრეზიდენტმა ნიინისტომ სატელეფონო საუბრისას, პირადად აცნობა ნატოში გაწევრიანების განზრახვის თაობაზე.
ფინეთის პრეზიდენტმა პუტინს ასევე უთხრა, რომ რუსეთის მოთხოვნებმა ნატოს გაფართოებაზე უარის შესახებ, ასევე უკრაინაში შეჭრამ, ძირეულად შეცვალა ფინეთის უსაფრთხოების გარემო, რამაც ჰელსინკი ამ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა.
პრეზიდენტმა ნიინისტომ განაცხადა, რომ ფინეთი ნატოში გაწევრიანებას უახლოეს დღეებში გადაწყვეტს.
"პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოთქვა თავისი ღრმა შეშფოთება უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის შედეგად გამოწვეული ადამიანური ტანჯვის გამო. ხაზი გაუსვა მშვიდობის იმპერატიულობას. ასევე გადასაცა მას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მესიჯები მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის უზრუნველყოფის მიზნით", - ნათქვამია ფინეთის პრეზიდენტის კანცელარიის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში.