ჩრდილოეთ კორეაში, აპრილის ბოლოდან 13 მაისამდე, კორონავირუსით ინფიცირების 524 440 შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროის განმავლობაში, ვირუსით 27 ადამიანი გარდაიცვალა, სრულად გამოჯანმრთელდა 243 630, მკურნალობას აგრძელებს 280 810.
ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების შემთხვევების შესახებ ჩრდილოეთ კორეამ მხოლოდ 12 მაისს აღიარა.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა კორონავირუსის გავრცელებას უწოდა "ყველაზე დიდი შოკი ქვეყნის დაარსების დღიდან".
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, 14 მაისს მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურომ შეხვედრა გამართა "მაქსიმალური გადაუდებელი საკარანტინო სისტემის სტატუსის შესამოწმებლად და პრაქტიკული პოლიტიკის ზომების გასაძლიერებლად". შეხვედრას პირადად კიმ ჩენ ინი უძღვებოდა.
კიმ ჩენ ინის განცხადებით, ქვეყნის სამედიცინო ხელისუფლებამ კარგად უნდა შეისწავლოს საკარანტინო პოლიტიკა და სხვა მოწინავე ქვეყნების გამოცდილება.
ჩრდილოეთ კორეაში 25 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. ვაქცინაციის კამპანია ქვეყანაში არ ჩატარებულა, რადგან ფხენიანი ყოველთვის უარყოფდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წინადადებას ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვის თაობაზე.
13 მაისს სამხრეთ კორეამ ვაქცინების მიწოდება შესთავაზა ფხენიანს, თუმცა უცნობია მიიღებს თუ არა რეჟიმი სეულის დახმარებას.