საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლევების ჩატარება შესთავაზეს. მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარდება შესაბამისი მკურნალობა. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.
ბრეგაძის განცხადებით, სახელმწიფო ყოველთვის მოქმედებს ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ინტერესებიდან გამომდინარე.
„საზოგადოებისთვის ცნობილია და ამის შესახებ გასული დღეების განმავლობაში მრავალჯერ ვისაუბრეთ, რომ მსაჯვრდებულ მიხეილ სააკაშვილს დანიშნული აქვს მედიკამენტოზური მკურნალობა. თუმცა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ იგი შერჩევით იღებს მედიკამენტების გარკვეულ ნაწილს, რითაც ფაქტობრივად, უარს ამბობს, საკუთარი გადაწყვეტილებით, სრულფასოვან მკურნალობაზე. ასევე იგი საკვებსაც იღებს საკუთარი გადაწყვეტილებით, მხოლოდ შერჩევით და ბუნებრივია, საფრთხეს უქმნის საკუთარ ჯანმრთელობას.
ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი სახელმწიფო, ვმოქმედებთ ყოველთვის ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის ინტერესებიდან გამომდინარე. შესაბამისად, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმრის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით, გაუკეთდება შეთავაზება, რომ გაყვანილ იქნეს კლინიკა „ვივამედში“, სადაც მას ჩაუტარდება გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მკურნალობა. როდესაც ადამიანი არ იღებს მედიკამენტების გარკვეულ ნაწილს, რომელიც მას ესაჭიროება, შეიძლება, არ მიიღოს ცილა, არ გაიკეთოს გარკვეული გადასხმა, ასევე საკვებიც მიიღოს შერჩევით, ბუნებრივია, არსებობს ჯანმრთელობის შესაძლო გართულების რისკი. ჩვენ ვმოქმედებთ ისე, როგორც იმოქმედებს პასუხისმგებლიანი სახელმწიფო. შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით, გაგვყავს გამოკვლევებზე თბილისში მდებარე კლინიკა „ვივამედში“, რათა დამატებით, კიდევ ერთხელ დადგინდეს ყველაფრის მიზეზები. ასევე თუ დასჭირდება, შესაბამისი მკურნალობა მიეწოდოს“, – აღნიშნა ბრეგაძემ.