ქართველი რეჟისორი სალომე ჯაში ევროპული კინოაკადემიის წევრი გახდა.
"სიამაყით მივესალმებით სალომე ჯაშს, როგორც აკადემიის ახალ წევრს", – წერს ევროპული კინოაკადემია სოციალურ ქსელში.
ევროპული კინოაკადემია 1988 წელს შვედმა კინორეჟისორმა ინგმარ ბერგმანმა დაარსა. სხვადასხვა დროს აკადემიის წევრები იყვნენ სახელოვანი რეჟისორები ბერნარდო ბერტოლუჩი, კლოდ შაბროლი, იშტვან საბო და ვიმ ვენდერსი. აკადემიის მოქმედი პრეზიდენტია რეჟისორი აგნეშკა ჰოლანდი.
ევროპული კინოაკადემია ყოველწლიურად საუკეთესო ევროპულ ნამუშევრებს აჯილდოევებს. 2021 წელს სალომე ჯაშის ნამუშევარი "მოთვინიერება" საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში იყო ნომინირებული.
სალომე ჯაში ქართველი რეჟისორი და პროდიუსერია. გადაღებული აქვს ფილმები ლიდერი ყოველთვის მართალია, ბახმარო, მოთვინიერება.
28 აპრილს საქართველოს კინოაკადემიამ სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის, "მოთვინიერების" ჩვენებები გააუქმა.
სალომე ჯაშის განცხადებით, კინოაკადემიის დირექტორმა ეს გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ მათთვის მიუღებელია ისეთი ნაწარმოების ჩვენება, "რომელიც აზრთა სხვაობას იწვევს და საზოგადოებას პოლიტიკური ნიშნით ყოფს".
"მოთვინიერება" ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომელიც შვეიცარია-გერმანია-საქართველოს კოპროდუქციაა. ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართა სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალზე. მალევე იგი ასევე აჩვენეს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე სექციაში "ფორუმი". მას შემდეგ "მოთვინიერება" არაერთ პრესტიჟულ კინოფესტივალზე შეირჩა და რამდენიმე საერთაშორისო ჯილდოც მოიპოვა.
ფილმის შესახებ: "საქართველოს უმდიდრეს და ყველაზე ძლევამოსილ ადამიანს უჩვეული გატაცება აქვს: უზარამაზარ, საუკუნოვან ხეებს აგროვებს. მისი დავალებით გიგანტებს ზღვისპირეთიდან თხრიან და ხელოვნურად გაშენებულ დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ. ულამაზესი ხეების მოგზაურობის მომაჯადოვებელი სურათის ფონზე იკვეთება ადამიანის მიერ ბუნების მოთვინიერების თემა და სხვა უნივერსალური საკითხები".