რუსეთის შავი ზღვის ფლოტის კრეისერ "მოსკვას" ადგილსამყოფელის დადგენასა და მასზე სარაკეტო იერიშის მიტანაში უკრაინის არმიას შეერთებული შტატების მიერ მიწოდებული სადაზვერვო ინფორმაცია დაეხმარა. იტყობინებიან წყაროებზე დაყრდნობით ტელეარხები NBC და CNN და გამოცემები New York Times-ი და Washington Post-ი.
New York Times-ი ორ ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, რომ "მოსკვას" ადგილსამყოფელი უკრაინამ თავად დაადგინა, ხოლო აშშ-მა დაადასტურა უკრაინის დაზვერვის ინფორმაციის სისწორე.
ტელეარხ NBC-ის წყაროები ამტკიცებენ, რომ უკრანელებმა ამერიკელებს სთხოვეს ინფორმაცია შავ ზღვაში მყოფი ხომალდის შესახებ, აშშ-ის დაზვერვამ მოახდინა "მოსკვას" იდენტიფიცირება, ადგილსამყოფელის განსაზღვრა, რის შემდეგაც უკრაინის არმიამ მასზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.
"უკრაინელი სამხედროები, რომლებმაც შენიშნეს რუსული ხომალდი შავ ზღვაში, დაუკავშირდნენ ამერიკელებს, რათა დაედასტურებინათ, რომ ეს ნამდვილად "მოსკვა" იყო", - აღწერენ მოვლენების მიმდინარეობას CNN-ის წყაროები. "აშშ-მა დაადასტურა უკრაინის მონაცემები და ხომალდის ზუსტი ადგილსამყოფელი აცნობა".
გამოცემების წყაროები ამტკიცებენ, რომ შეერთებულმა შტატებმა არ იცოდა უკრაინის განზრახვის შესახებ და კრეისერზე სარაკეტო თავდასხმის გადაწყვეტილებაში მონაწილეობა არ მიუღია.
CNN-ის წყაროებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ არსებობს მკაფიო შეზღუდვები იმ ინფორმაციაზე, რომელსაც შეერთებული შტატები უზიარებს კიევს. კერძოდ, ვაშინგტონი უკრაინას არ აწვდის ინფორმაციას რუსეთში პოტენციური სამიზნეების შესახებ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, 13 აპრილს კრეისერ "მოსკვაზე" იერიში ნეპტუნის რაკეტებით მიიტანა, რის შემდეგაც ხომალდზე ხანძარი განჩდა და საბოლოოდ ჩაიძირა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კი კრეისერზე ხანძარი გაჩნდა, რამაც საბრძოლო მასალების აფეთქება გამოიწვია, ხოლო გემი, მისი სევასტოპოლში ბუქსირების დროს, შტორმის გამო ჩაიძირა.
ოფიციალურად ამ დრომდე უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა კრეისერის ბორტზე და რამდენი მათგანი დაიღუპა. 22 აპრილს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ეკიპაჟი 1 წევრი დაიღუპა და 27 დაიკარგა.
დამოუკიდებელი რუსული მედია, მეზღვაურების ახლობლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ხომალდზე 40-მდე ადამიანი დაიღუპა, 100 კი დაშავდა. ამავდროულად, როგორც გამოცემა "აგენტსტვომ" გაარკვია, სავარაუდოდ, კრეისერის ეკიპაჟი ორი მესამედით წვევამდელებისგან შეიძლება შედგებოდა. სხვადასხვა მონაცემით, "მოსკვა"-ს ეკიპაჟში 400-დან 680-მდე წევრი იყო.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, სწორედ ეს კრეისერი მონაწილეობდა კუნძულ ზმეინის დაპყრობის მცდელობის ოპერაციაში, რა დროსაც რუსული ხომალდი უკრაინელმა მესაზღვრეებმა "ნახ....ზე გაუშვეს".