საქართველოს მთავრობა შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის შენობის რეაბილიტაციას გეგმავს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, "მუზეუმის შენობის რეაბილიტაცია წელსვე დაიწყება, ეს არის მთავრობის სურვილი".
მისივე თქმით, მთავრობის პრიორიტეტი იქნება სპორტი და კულტურა.
"სპორტი და კულტურა, რა თქმა უნდა, იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. თეა წულუკიანთან ერთად, გავიარეთ საჭირო პროექტები და მთელი ქვეყნის მასშტაბით დავიწყებთ ყველა თეატრის რეაბილიტაციას. ყველა მუნიციპალიტეტში ცენტრალური სტადიონების რეაბილიტაცია იგეგმება, ყველა მცირე ზომის, ე.წ. მინი-სტადიონების სრული განახლება-რეაბილიტაცია მომდევნო სამი წლის განმავლობაში უნდა მოხდეს და ასევე, ჩემი სურვილია და ჩვენ ამის თაობაზე ვისაუბრეთ, რომ ეტაპობრივად უნდა დავიწყოთ ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული კომპლექსების მშენებლობა. ეს შეიძლება, იყოს გარდამავალი პროექტი და სამ წელიწადში ვერ ჩაეტიოს, მაგრამ სამიდან ხუთ წლამდე ყველა მუნიციპალიტეტში უნდა ავაშენოთ სპორტული კომპლექსი, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენი ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.