უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის ქმედებები უკრაინელი ერის გენოციდად აღიარა. ამის შესახებ უმაღლესი რადის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.
გადაწყვეტილებას მხარი 365-მა სახალხო დეპუტატმა დაუჭირა.
დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ რუსეთის ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია, რომ მისი სამხედრო აგრესიის ერთ-ერთი მიზანია უკრაინის ე.წ. დენაციფიკაცია, „ნაცისტებად“ კი რუსეთის ხელისუფლება მოიაზრებს ყველას, ვინც უკრაინულად საუბრობს, თავს უკრაინელად მიიჩნევს და მიისწრაფვის დამოუკიდებელ უკრაინულ სახელმწიფოში ცხოვრებისკენ.
"ცხადია, რომ რუსეთი უარს ამბობს უკრაინელების თვითგამორკვევაზე, რომელიც საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის ფუნდამენტური პრინციპია", - აღნიშნავენ დოკუმენტის ავტორები.
უმაღლესი რადა აღნიშნული დადგენილებით მოწოდებით მიმართავს გაერო-ს, ევროპარლამენტს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას, ასევე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას, მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს, აღიარონ რუსეთის მიერ უკრაინელი ხალხის გენოციდი.