ლვოვის ლიჩაკოვსკის რაიონულმა სასამართლომ, გამოძიების სახელმწიფო ბიუროსა და გენერალური პროკურორის წარდგინების საფუძველზე, უკრაინის უმაღლესი რადის აწ უკვე ყოფილი დეპუტატის, ოლიგარქ ვიქტორ მედვედჩუკისა და მისი მეუღლის ოქსანა მარჩენკოს დიდძალი ქონება დააყადაღა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, სულ დაყადაღებულია 154 უძრავი და მოძრავი ობიექტი.
"მათ შორის 26 ავტომობილი, 30 მიწის ნაკვეთი, 23 სახლი, 17 ავტოსადგომო და იახტა. ასევე 25 კომპანიაში საწესდებო კაპიტალის წილები", - ნათქვამია საგამოძიებო ბიუროს განცხადებაში.
ვიქტორ მედვედჩუკი შინაპატიმრობაში იმყოფებოდა 2021 წლის მაისიდან, როდესაც მას ბრალი წაუყენეს სახელმწიფო ღალატსა და "ეროვნული რესურსების ძარცვის" მცდელობაში. გამოძიების მტკიცებით მედვედჩუკი უკრაინის სეპარატისტული რეგიონებიდან (ლუჰანსკი და დონეცკი) ქვანახშირის მიწოდებაში იყო ჩართული და ამ "რესპუბლიკების" დაფინანსებას უწყობდა ხელს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მესამე დღეს ცნობილი გახდა, რომ მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა. 12 აპრილამდე მისი ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი იყო ცნობილი. სწორედ ამ დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მედვედჩუკი დააკავეს.
მედვედჩუკი უკრაინაში კრემლის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მოკავშირეა. ოლიგარქი ირწმუნება, რომ 2004 წელს პუტინი მისი უმცროსი ქალიშვილის ნათლია გახდა.
ვიქტორ მედვედჩუკი პრორუსული პარტიის "ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის" პოლიტსაბჭოს მდივანია. მის პარტიას უკრაინის უმაღლეს რადაში 44 მანდატი აქვს. 20 მარტს ზელენსკის განკარგულებით, პარტიას საქმიანობა აეკრძალა.