ეუთოს მისიამ უკრაინაში გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც საუბარია რუსეთის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებსა და მათ მტკიცებულებებზე.
მისიის წინასწარი ანგარიში ეუთოს 57 ქვეყნიდან 45-ის გადაწყვეტილებით, რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ოთხშაბათს გამოქვეყნდა.
გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ მისიას არ შეუძლია შეაფასოს, არის თუ არა თავად შეჭრა ფართომასშტაბიანი ოპერაცია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, მაგრამ აღნიშნულია, რომ დაფიქსირებულია საერთაშორისო ნორმების არაერთი დადასტურებული დარღვევა.
"მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მკვლელობები, ასევე ჟურნალისტებისა და ადგილობრივი ოფიციალური პირების გატაცება, სავარაუდოდ, ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ნებისმიერი ასეთი ძალადობრივი ქმედება, რომელიც ჩადენილია ამ შემოჭრის ფარგლებში, წარმოადგენს დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ.
მოხსენებაში აღნიშნულია დარღვევები როგორც უკრაინული, ასევე რუსული მხარის მხრიდან. თუმცა, რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი დარღვევები ბევრად სერიოზული ხასიათისა და მასშტაბისაა", - ნათქვამია დოკუმენტში.
ეუთომ, სხვა საკითხებთან ერთად, შეისწავლა ორი გახმაურებული დანაშაულის - მარიუპოლის თეატრისა და სამშობიარო სახლის დაბომბვის ფაქტი.
"მისიამ დაასკვნა, რომ სამშობიარო სახლი განადგურდა რუსული ძალების თავდასხმის შედეგად. რუსული მხარის ახსნა-განმარტებების თანახმად, თავდასხმა იყო მიზანმიმართული. დაბომბვამდე არანაირი გაფრთხილება არ გაკეთებულა და არც ევაკუაციის დრო მიუციათ. აქედან გამომდინარე, ეს თავდასხმა წარმოადგენს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევას. თავდასხმაზე პასუხისმგებელმა პირებმა ჩაიდინეს ომის დანაშაული", - ნათქვამია ანგარიშში.
იგივე ეხება მარიუპოლში თეატრის დანგრევას, რომლის ქვეშა ასობით მცხოვრები იმალებოდა თავშესაფარში და რომლის მახლობლად შენობის ორივე მხარეს უზარმაზარი ასოებით იყო წარწერა - "ბავშვები".
"რუსეთი აცხადებს, რომ თეატრი უკრაინულმა „აზოვის“ პოლკმა ააფეთქა. მისიამ ამის რაიმე მტკიცებულება ვერ იპოვა. ეს ინციდენტი, დიდი ალბათობით, წარმოადგენს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეშ დარღვევას და მათ, ვინც გასცა და შეასრულა თეატრის აფეთქების ბრძანება, ჩაიდინეს ომის დანაშაული", - აღნიშნულია ანგარიშში.