უკრაინამ და რუსეთმა სტამბოლში მოლაპარაკების დროს შეთანხმების გარკვეულ დონეს მიაღწიეს, მაგრამ უკრაინულმა მხარემ რაღაც შეცვალა, დაშორდა სტამბოლში მიღწეულ შეთანხმებებს და მოლაპარაკებები ჩიხში შეიყვანა - ამის შესახებ აგრესორი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.
"ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმების გარკვეულ დონეს სტამბოლში, რომელიც მდგომარეობდა იმაში, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები არ ვრცელდება ყირიმის, სევასტოპოლისა და დონბასის ტერიტორიაზე. შემდეგ, როგორც ნახეთ, ამას მოყვა ჩვენი მოქმედება მოლაპარაკების გასაგრძელებლად პირობების შესაქმნელად. ამის ნაცვლად ჩვენ წავაწყდით პროვოკაციას ბუჩაში, რაც მთავარია, უკრაინული მხარე დაშორდა სტამბოლში მიღწეულ შეთანხმებებს და მოლაპარაკებები ჩიხში შეიყვანა", - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, "ერთია უსაფრთხოების მოთხოვნები, ხოლო სულ სხვაა, როდესაც ყირიმის, სევასტოპოლისა და დონბასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება ამ შეთანხმების ფარგლებს მიღმა გააქვთ. ანუ ისინი კვლავ დაუბრუნდნენ თავისთვის და ყველა ჩვენგანისთვის ჩიხურ სიტუაციას", - განაცხადა აგრესორმა პუტინმა.
"მითხრეს, რომ გუშინ საღამოს უკრაინულმა მხარემ კვლავ რაღაც შეცვალა - მე ჯერ ეს ცვლილებები არ ვიცი. მაგრამ არათანმიმდევრულობა პრინციპული საკითხებზე ქმნის სირთულეებს საბოლო შეთანხმების მიღწევისთვის, რომელიც ყველასთვის მისაღები უნდა იყოს და ვიდრე ეს ასე არ არის, სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება მის დასრულებამდე და იმ ამოცანების გადაწყვეტამდე, რომლებიც ამ ოპერაციის დასაწყისშ იყო დასახული", - თქვა პუტინმა.
მოგვიანებით, პუტინის ამ განცხადებას გამოეხმაურა, რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის წევრი მიხაილო პოდოლიაკი.
პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოება ძნელია, თუმცა ამის მიუხედავად, ის მაინც მიმდინარეობს.
"უკრაინის დელეგაცია მუშაობს მხოლოდ პროუკრაინულ და გამჭვირვალე ფარგლებში. გასაგებია ასევე, რომ რუსეთის მხარე მიმართავს თავის ტრადიციულ ტაქტიკას - საჯარო ზეწოლას ახორციელებს მოლაპარაკებების პროცესზე, მათ შორის გარკვეული საჯარო განცხადებების ხარჯზე", - დასძინა პოდოლიაკმა.