ეროვნული ფორუმის ერთ-ერთი ლიდერის გუბაზ სანიკიძის განცხადებით, ერთიანი სახალხო კრებით დღეს ეროვნული ბანაკი დაფუძნდა.
"დღეს სახალხო კრებაზე მიიღეს გადაწყვეტილება და დაფუძნდა დიდი ბანაკი, რომელსაც თუნდაც პოლიტიკური დავარქვათ, მაგრამ ეს არის ეროვნული ბანაკი. ახლა ორგანიზება გვჭირდება, რომ საქრათველოს ყველა რეგიონში მოხდეს ხალხის მობილიზება. მინდა მართლები ვიყოთ ერთმანეთთან და გითხრათ, რომ ყველა გმირები ხართ, ვინც აქ ჩამოხვედით, თუმცა გამარჯვებისთვის უფრო მეტი ხალხია საჭირო'", - აღნიშნა სანიკიძემ.
ეროვნული ფორუმის ლიდერმა მოსახლეობის იმ ნაწილს მოუწოდა, ვინც აქციაზე არ მივიდა. მათ ურჩია, ტელევიზორის ეკრანს მოშორდნენ და საკუთარი გადაწყვეტილებები თავად მიიღონ.
"უნდა გამოვიდეთ შუა საუკუნეების მითიდან, რომ გამოჩნდება ვინმე რაინდი და ურჩხულს დაამარცხებს. მითებით ცხოვრებას თავი უნდა დავანებოთ და უნდა მივხვდეთ, რომ გადაწყვეტილებები ჩვენ თვითონვე მივიღოთ. მინდა ვკითხო იმ ხალხს, ვინც დღევანდელ ღონისძიებაზე არ გამოვიდა, რაღა უნდა გააკეთოს სააკაშვილმა იმაზე მეტი, რაც უკვე გაუკეთა", - აღნიშნა სანიკიძემ.
მანვე განაცხადა, რომ აუცილებელია, დაიწყოს ორგანიზაციული საკითხების მოგვარება, დაფუძნდეს რეგიონებში კომიტეტები და სხვა სტრუქტურები, რომელიც მოსახლეობას ეროვნული დაუმორჩილებლობისთვის მოამზადებს.