საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მდებარე მძიმე მდგომარეობაში მყოფი კულტურის სახლის რეაბილიტაციის მიზნით, პროექტი მომზადდება.
შრომის კულტურის სახლი საქართველოში შემორჩენილ კულტურის სახლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია თავისი ინფრასტრუქტურით და მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.
შესაბამისი ტენდერი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უკვე გამოაცხადა. რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 140 000 ლარს შეადგენს.
საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ, შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მოხდება ფასადებისა და შიდა სივრცეების რეაბილიტაცია-გაწმენდა, გამაგრება, აღდგენა, რესტავრაცია, ღობის რეაბილიტაცია, ასევე, ტერიტორიის კეთილმოწყობა.
სოფელ შრომის კულტურის სახლი გამორჩეული არქიტექტურული შენობაა, რომელიც 1956 წელს აშენდა.