დღეს, 6 აპრილს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი „სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება“.
კულტურის სამინისტროს მიერ 2021 წელს ამავე კონკურსის ფარგლებში გამოყოფილი იყო 700 000 ლარი, დაფინანსდა 6 რეგიონში 13 ორგანიზაცია და შეძენილ იქნა 160 ახალი ინსტრუმენტი. შედეგად, გასული საუკუნის 70-იანი წლების შემდეგ პირველად, კულტურის სამინისტრომ 13 სამუსიკო სასწავლებელს ინსტრუმენტების შეძენა დაუფინანსა, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც სასწავლებლების დიდ უმრავლესობაში ახალი ინსტრუმენტების შეძენა გასული საუკუნის 70-იანი წლების შემდეგ არ მომხდარა. შესაბამისად, სასწავლებლები მუსიკალური ინსტრუმენტების მწვავე დეფიციტს განიცდიან, რაც ცხადია, სასწავლო პროცესში სერიოზულ პრობლემებს ქმნის.
წელს, სამინისტროს მიერ კონკურსისათვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 400 000 ლარს და მისი მიზანია უმაღლეს და სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესება; ინფრასტრუქტურული განვითარება, რომელიც მოემსახურება სასწავლებლების ძირითადი მიზნების მიღწევას; მოსწავლეებისა და პედაგოგების მოტივაციის ამაღლება; საშემსრულებლო ოსტატობის სრულყოფისა და შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა.
ახალი კონკურსის პირობების თანახმად, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს - უმაღლეს და სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულებებს. კონკურსანტს აღნიშნულ კონკურსში შეუძლია მხოლოდ ერთი პროექტის წარმოდგენა, რომლის მიხედვითაც სამუსიკო სასწავლებლების მიერ მოთხოვნილი იქნება მუსიკალური ინსტრუმენტი ან ინსტრუმენტები და დასაბუთებული იქნება საჭიროება.
კონკურსში უპირატესობა მიენიჭება იმ უმაღლეს და სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულების პროექტს, რომელსაც 2021 წელს არ მიუღია სამინისტროს დაფინანსება ანალოგიური კონკურსის ან სხვა პროგრამის ფარგლებში.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 6 აპრილიდან 2021 წლის 15 აპრილის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით. კონსულტაციები შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე 599 85 32 88 (სამუშაო საათების განმავლობაში).
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გასაჯაროვდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე არაუგვიანეს 2022 წლის 2 მაისისა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის ბრძანებით N7864 „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ დამტკიცებული დაფინანსების წესი და ფორმულარები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
დაფინანსების წესი - https://cutt.ly/7PGB6Oh
ფორმულარები - https://cutt.ly/ePGNsau