უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის ხომალდებით გაიყვანოს მარიუპოლის დაჭრილი დამცველები და დაღუპულთა ცხედრები. თუმცა რუსეთს ამაზე ჯერ თანხმობა არ განუცხადებია.
ამის შესახებ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა. "დღეს შევთანხმდით თურქეთთან. ჩვენ ვეძებდით შუამავალს, რომელიც ოკუპანტებისთვის მისაღები იქნებოდა. თურქეთი მზად არის გემებით გაიყვანოს დაჭრილები და მოკლულები, გადაიყვანოს ისინი ბერდიანსკიდან. მარიუპოლთან მისვლა შეუძლებელია", - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის მხრიდან მზად არის ყველანაირი ინფრასტრუქტურა, რათა ხალხი, მათ შორის დაჭრილები, ასევე დაღუპულები ბერდიანსკში გადაიყვანონ, მაგრამ ახლა პუტინის პასუხს ელოდებიან.
"მე ვესაუბრე ერდოღანს. ერდოღანი ელაპარაკება მათ... თუ ეს ნაბიჯი გამოგვივა, უახლოეს დღეებში შედეგს დავინახავთ. თუ არ გამოვა - ზუსტად გვეცოდინება, რომ პირადად რუსეთის პრეზიდენტი არ გვაძლევს ამის შესაძლებლობას", - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, დიდი ბრიტანეთის დაზვერვა აცხადებს რომ მარიუპოლი წარმოადგენს უკრაინაში რუსეთის შეჭრის საკვანძო მიზანს, რადგან მასზე კონტროლი ყირიმისკენ სახმელეთო დერეფანს გაუხსნის.