უკრაინში შეჭრის დღიდან, რუსეთის არმიამ ქვეყანაში რამდენიმე მარცვლეულის შესანახი ობიექტი გაანაგდურა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ამერიკის დაზვერვას აქვს ფოტოსურათები, სადაც ასახულია სარაკეტო იერიშების შედეგად განადგურებული საცავები.
სააგენტო Reuters-ს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა უთხრა, რომ რუსმა სამხედროებმა მიზანში ამოიღეს მარცვლეულის საცავები აღმოსავლეთ უკრაინაში.
"მარტის ბოლოსთვის, სულ მცირე მარცვლეულის 6 საცავი განადგურდა თავდასხმების შედეგად", - უთხრა წყარომ Reuters-ს.
"მარცვლეულის საცავებზე რუსეთის უგუნური თავდასხმები მაგალითია იმისა, თუ როგორ აისახება პუტინის ომი უშუალოდ უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე და საფრთხეს უქმნის სასურსათო უსაფრთხოებას მთელ მსოფლიოში. ვინაიდან აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები დამოკიდებული არიან უკრაინიდან ხორბლის ექსპორტზე, სურსათის ამ მარაგებისა და საწყობების განადგურებამ შესაძლოა, გამოიწვიოს დეფიციტი და ფასების ზრდა ისედაც დაუცველი ეკონომიკის ქვეყნებში", – ციტირებს Reuters-ი ამერიკელი მაღალჩინოსნის სიტყვებს.
2020-2021 წლებში უკრაინა მსოფლიოში ხორბლის სიდიდით მეოთხე ექსპორტიორი იყო.
რუსეთს არ დაუდასტურებია მარცვლელულის საცავების განადგურება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ არმია მხოლოდ უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურას იღებს მიზანში.