"რუსეთის აგრესიამ ვერ შეაჩერა საქართველოს ევროპისაკენ სვლა და ახლადშექმნილი "შესაძლებლობის ფანჯარა" ევროკავშირის სწორი პასუხია ამ აგრესიაზე", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ორბელიანების სასახლეში დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ იეპე კოფოდთან შეხვედრისას.
საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, რეგიონში არსებულ ვითარებას, შავი ზღვის უსაფრთხოებას, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიენების პროცესს, ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებსა და პატარა ქვეყნების ერთობის როლს გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად.
დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროინტეგრაციის მიმართ და განაცხადა, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა, რომლის ადგილიც ევროპულ ოჯახშია.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობისა და მისი დაფარვის ზონის გაფართოების მნიშვნელობას.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობისათვის მნიშვნელოვანია შავი ზღვა არა კონფრონტაციის, არამედ სტაბილურობისა და კავშირის ზღვა იყოს და მასზე განხორციელდეს მსხვილი პროექტები, მათ შორის ინფრასტრუქტურული.
დანიის სამეფო აფასებს საქართველოს მხარდაჭერას საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინასთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციების გამო.